giovedì 25 dicembre 2008

ლაო-ძის დუმილი

ლაო-ძისა და კუნ-ფუ-ძის შეხვედრის რემინისცენციიდან დაბადებული ფიქრი: ის, რაც "დაო დე ძინის" სახით გადმოგვცა ლაო-ძიმ, საოცრებაა, მაგრამ აბა, გულისყური დაუგდეთ და იგრძენით, თუ რამდენად კიდევ უფრო დიდია მის მიერ დუმილით დაფარული უთქმელი და გამოუთქმელი. არაფერი გეცნაურათ? არ გესმით ეს კოსმიური მუსიკა?

martedì 25 novembre 2008

რეგრესი

საბაზრო ურთიერთობათა მენტალიტეტზე დაფუძნებულ საზოგადოებაში სულიერი ცოდნა ფუფუნება ხდება, რის გამოც საბოლოოდ, საქმე იქამდე მიდის, რომ განათლების დაფინანსება დღითი დღე უფრო მცირდება. ასეთ შემთხვევაში უვიცობა ხდება ნორმა, ანუ საბაზრო ურთიერთობათა სისტემაში მონაწილეობის მიღება და საამისოდ საჭირო ცოდნით შემოსაზღვრა უფრო მაღალი პრიორიტეტია, ვიდრე სულიერი სიჯანსაღე, რომლისგანაც გამომდინარეობს კიდეც ადამიანის ბედნიერება და არა პირიქით. მსგავს საზოგადოებაში ყველაზე პატივცემულნი აღმზრდელები კი არ არიან, არამედ გამზრდელნი. უკეთილშობილესი პროფესიის-აღმზრდელის ნაცვლად სახეზე გვაქვს ეკონომისტების, მენეჯერთა, მეურნეთა, გამომკვებავთა უპირატესობა.

venerdì 24 ottobre 2008

ერთი ესთეტიკური ნიუანსი ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში


რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?
თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას,
რომ არ გემსჭვალვის საუკუნო ტრფიალებითა?
ჰგავს, არ პასუხსსცემ შენ მას სულით მშვენიერითა.

სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების
და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების,
აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამსჭვალები,
ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები!

მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული,
რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული,
და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა,
რად გრწამს არ იყოს საუკუნო მადლი ტრფობისა?

თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,
მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს.
მხოლოდ კავშირი ესრეთთ სულთა შობს სიყვარულსა,
ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა!

მხოლოდ მათ შორის არის გრძნობა, ესთ სანუკველი,
რომ მის უტკბილეს არც თუ არის სასუფეველი!
მას ცისა სხივით აცისკროვნებს მშვენიერება
და უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება!

ადამიანთა დაუკვირვებლობის გამო ხშირად სიტყვები იმდენად ავტომატურნი ხდებიან გამოყენებისას, რომ უმეტეს შემთხვევაში, ნაკლებად ვუკვირდებით, თუ რამხელა შინაარსის მატერებელნი არიან. მსოფლიოს კულტურულ ერთა ენებში და მათ შორის, ჩვენს მშობლიურ ენაში, იმდენი ლამაზი და მშვენიერი სიტყვაა, რომ არცთუ იშვიათად მათ არსში ჩაღრმავება და გათავისება გზრდის, დედასავით გეფერება სულში, მადლით გავსებს.

ერის სახე, მენტალიტეტი იცნობა მის მოსალმების კულტურაში. სემიტური მოდგმის ხალხი მოსალმებისას პირველსიტყვად ამბობს "შალომ", "სალამი", რაც მშვიდობას ნიშნავს და ადამიანის შინაგანი მდგომარეობისა და ქვეყნიერებაზე ღვთიური წესრიგის სურვილის/დალოცვის აღმნიშვნელია. ამად, ძალზე საკრალური დატვირთვის მატარებელია. იტალიელები ესალმებიან ასე: "salve" (ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა), ან "Ciao", რომელიც წარმოდგება სიტყვისაგან "schiavo" და ნიშნავს მონა-მორჩილს, ანუ გულმზიანი მასპინძლობის ტრადიციის გამომხატველია და ასე შემდეგ. ქართველები ვამბობთ "გამარჯობა"-ს, რომელიც წარმოსდგება გამარჯვებისაგან და ხილულ და უხილავ მტერზე ძლევას აღნიშნავს. ცოტაა ბრძოლა შეარქვა ჩვენი მოდგმის ხალხთა მრავალათასწლოვან თავგადასავალს, რადგან არის ამაზე უფრო დიდი და კეთილშობილური ცნება: ღვაწლი, მოღვაწება, რომელიც ნიშნავს ბრძოლით გაჯერებულ შრომას.

რატომ ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ გვენიშნოს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სიტყვის მართებულ, თუ უმართებულო გამოყენებას. რადგან სიტყვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი ადამიანისაგან, ვინც პრინციპულად და შეგნებულად ცხოვრობს ჭეშმარიტებას. მაშინ ასეთი ადამიანის სიტყვა, ყველაზე ცოტა, უკვეა საქმე. სიტყვა კი არა, ორი ასო-ბგერის უმართებულო ხმარებამ შეიძლება სავსებით შეცვალოს ისტორიაც კი. მაგ: ომი აფხაზეთ-ში, თუ აფხაზეთ-ის ომი ოფიციალურ დონეზე ძირეულად ცვლის ამ პრობლემის არსს და მიზეზებზე წარმოდგენას. ასე რომ, სიტყვები და ამაზე უფრო მეტად, მათში ჩადებული აზრი ისეთი რამაა, რასაც ყურადღებით და ფხიზელი გონებით უნდა მიეპყრას ყოველი ჩვენთაგანი (მაჯავრებს ზოგიერთი ქართველის-და ასეთები, სამწუხაროდ, არ არიან ერთი და ორი- უვიცობა, როცა ამბობს "სამხრეთ ოსეთი", ან კიდევ უარესი "ოსეთი". ასეთს ბევრი ესმის და უფრო დაიბრუნებს ამ ძირძველ ქართულ მიწას... მიტომაა, რომ მსგავს დღეში ვართ).

არაერთხელ გავიგებთ ხოლმე თქმას, რომ ამა თუ იმ ადამიანს ლამაზი სული აქვს. გაცილებით უფრო მართებულია იმის განცხადება, რომ ესა თუ ის საგანი მშვენიერია, ვიდრე სულის სილამაზეზე საუბარი. ეს მშვენიერების განზომილებაა.

ტატოს ეს ლექსი იმადაცაა საგულისხმო, რომ ავტორს გენიალურად აქვს განსაზღვრული და ესთეტიკურად ჩამოყალიბებული მშვენიერებასა და სილამაზეს შორის არსებული ზღვარი. მათ შორის განსხვავება კი არსებითია. თუკი სილამაზე ყოფიერების ფიზიკურ, სხეულებრივ მხარეს ეხება, მშვენიერება სულიერი თვისებაა.

"სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების
და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების"

"მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული,
რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული"

ქართული ენა მდიდარია იმითაც, რომ გააჩნია მსგავსი ესთეტიკური დიფერენცირება, რაც ზოგიერთ ენაში არ გხვდება. იტალიურში ორივეს აღმნიშვნელად გვაქვს "bello", რუსულში "краса", "красота". თუმცა, ინგლისურში გვხვდება "beautiful" (ლამაზი) და "nice" (მშვენიერი).

სილამაზისა და მშვენიერების სხვადასხვაობა ჯერ კიდევ ლაო-ძისთან გვხდება, რომელიც "დაო დე ძინი"-ს ბოლო ლექსში ამბობს, რომ "ლამაზი სიტყვა ისევე არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი, როგორც ჭეშმარიტება არ შეიძლება იყოს ლამაზი".

ამად, ჭეშმარიტებასაც და მშვენიერებასაც საერთო საწყისი გააჩნიათ. სიყვარულზე უფრო დიდი სათავე კი არ არსებობს.

venerdì 17 ottobre 2008

გველზე

ბუდას სწავლებანში: დისკურსი გველზე

ხშირად სწავლობენ, რათა კამათში გაიმარჯვონ, მაგრამ არ ახორციელებენ რა სიკეთეს, სიბრძნის სიღრმეებს ვერ ჩასწვდებიან. ასეთნი გველთა მცდარად შემპყრობელებს ჰგვანან, რისგანაც ან სულიერ სიკვდილს იღებენ, ან ხანგრძლივად უბედურდებიან.

ხოლო ისინი, ვინც სიბრძნის ქმნით იმეცნებენ, ბედნიერებას აღწევენ და შედარებულნი არიან გველთა მართებულად, ორად წამახული კეტის მეშვეობით მპყრობელებს, რაც ტექნიკური (ამ სიტყვის უღრმესი და თაური გაგებით: ტექნე-როგორც შემეცნების ერთ-ერთი ფორმა. იქვე მოცემული ტივის მაგალითიც მსგავსი სახეა) შემეცნების ძველაღმოსავლური მეტაფორაა, ამავე დროს და სიბრძნის საქმით სიყვარულისადმი მეცნიერულ მიდგომასაც გულისხმობს.

ბუდისტი განმმარტებლებისათვის პირველ გზას ძილი სჯობს, რაიც მატრიცაში "ჩართულობის" ჩვენი თანამედროვეობის ალეგორიული პარალელია (კინოტრილოგია "მატრიცა", სადაც ნეო იგივე ბუდაცაა, "გამოღვიძებული"), ხოლო მეორე გზას "შემდეგ ნაპირზე გადასასვლელ სწავლება"-ს უწოდებენ.

აღსანიშნავია ამ ბუდისტური დარიგების მინდიაური ალეგორია, სადაც ცოდნა გველსაა შედარებული და ორაზროვანი ხასიათისა შეიძლება იყოს მისი მიმღებისათვის: უწვრთნელისა და შინაგანად უმწიფარისათვის-შხამი, ხოლო ნოყიერი ნიადაგის მქონესათვის-ბედნიერებით ამამზიანებელი.

ამადაცაა, რომ ფილოსოფიურზე არ შევსულვარ ფილოსოფოსთა გამონათქვამების პერიფრაზირებისათვის (არაა ცუდი ენციკლოპედიური ცოდნა), არამედ რათა მეტი ბედნიერებით გავივსო მათში ჩადებული შინაარსის მოშველიებისაგან.

შესაბამისად უზუსტესია ფსევდო-დიონისე არეოპაგელის სიბრძნეც: არა იმისათვის ვისწავლებით, რომ სხვას დავუმტკიცოთ რამე, არამედ რათა განვიბრძნათ.

ვინც ოდენ იმისათვის იმეცნებს, რომ შეიმეცნოს, საგანძურის მპყრობელია იგი, მაგრამ არა მეორე ნაპირამდე გამღწევი. აქედან გამომდინარე, ადამიანის ცხოვრების უზენაეს მიზანს ჭეშმარიტების შეცნობა კი არ უნდა წარმოადგენდეს (რაც სავალი გზის მხოლოდ ნახევარია), არამედ მისი დაუფლება და განხორციელება.

აქედან დასკვნა: მეცნიერება საჭიროა იმისათვის, რათა ვწვდეთ ჭეშმარიტების სინათლეს და გავნათლდეთ (რა); ფილოსოფია-ჩვენში დაგროვებული სინათლის გარესამყაროში გადმოსაღვრელად (როგორ); ხელოვნება-გარესამყაროს ასაჩახჩახებლად, ასამზიანებლად (რატომ).

სიკეთის მქმნელი უცილოდ გაივლის ტკივილების ზღვას, რის გარეშეც ბედნიერება ოდენ ზედაპირული და ცალკერძი სიხარული იქნებოდა. ვინც ჯოჯოხეთს არ გადის და არ ტერფავს მას, ვერ გახდება ცათა ზიარი. თუ არადა, სჯობს ისეთი ადამიანის მეგობრობა, ვინც ეს ყოველი გამოიარა.

sabato 20 settembre 2008

ტექნე, როგორც სულიერი მოვლენა.

კაცობრიობამ თავისი სულიერი სიცარიელის ამოვსება გარესამყაროს შთანთქმით დაიწყო. დეკადენტური ადამიანის შინაგანი სიღარიბე არ იძლევა გარესამყაროში მშვენიერების გადმოღვრის საშუალებას, რადგან მისით ნაკლულია თაურ. მაშინ, როცა სულიერი სიმდიდრე სამყაროს კიდევ უფრო გალამაზებისა და სრულყოფის უმთავრეს ლიბოს წარმოადგენს და ამგვარად, კოსმოსის წმინდა სამებისაგან კურთხეულ ერთ, უზარმაზარ ღვთიურ სამკვიდრებელ ტაძრად ქცევის საშუალებას იძლევა (ამისათვის, ჯერ ადამიანმა უნდა იქციოს თავი ღვთის ჭურჭლად, ღვთის ტაძრად), სულიერად ბერწი ადამიანი ვამპირული ბუნების ხდება; მკვლელი და მშთანთქმელი როგორც საკუთარი თავის, ასევე-გარესამყაროსი. ამ უკანასკნელთა ყოფიერება ბელზებელური ვაკუუმი და არარსია, სიკვდილი და წარმავალი ეფემერა. სულიერად მდიდარი ადამიანების ცხოვრება კი თავადაა პოეზია-სიცოცხლისა და მშვენიერების მუდმივი შესაქმე.

martedì 19 agosto 2008

თავის-უფლების პოლიტიკური განზომილებისათვის

ლათინური წარმომავლობის იტალიური სიტყვ Temperanza ქართულად გადმოითარგმნება, როგორც თავის უფლება, თავის მოთოკვა; უფრორე ზნეობრივი დატვირთვით გამოიყენება და მოზომვას ნიშნავს (აქედან: ტემპერამენტი, ხასიათი, ზნე და ხასიათის გამოჭედვა, ჩამოყალიბება).

ამ იტალიური სიტყვის ფონზე ქართული “თავისუფლება” კიდევ უფრო ღრმა შინაარსის მატარებლად გვეცხადება. როდესაც თავისუფლებას აღწევს ის, ვინც საკუთარ შინაგან სამყაროს, საკუთარ თავს ფლობს; ვისაც დაძლეული და დამორჩილებული აქვს პირადი ნაკლოვანებები, ამაღლებულია მათზე და მათაც კი სიქველეების საწვავად აქცევს, ანუ კიდევ უფრო ზრდის დადებით მხარეს თავის თავში. ასე რომ, სამართლიანი და ნორმალური საზოგადოების ასაშენებლად უპირველესად საჭიროა შინაგანი განწმენდვა, მოქცევა და ამის საფუძველზე პოლიტიკის განხორციელება. ამ შემთხვევაში, გასაგებია ანტიკური ხანის უდიდესი მოღვაწეებისა და მოაზროვნეების თეზა იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს უზენაესი მიზანი მისი მოქალაქეებისა და ადამიანების გაბედნიერებაა და მათი ჭეშმარიტებამდე მიყვანა; ამადაც იყო, რომ სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკური საშუალებისა და მეთოდის ერთ-ერთი ფუნქციას წარმოადგენდა თავისი მოქალაქეებისა და ადამიანთა ზნეობრივი გაუმჯობესების ხელშეწყობა.

venerdì 1 agosto 2008

გრიგოლ რობაქიძე და ქართული სუფრის სიმბოლიკა

გრიგოლ რობაქიძის მიერ მოცემული თამადის თვისება ("რა უნდა აგონდებოდეს ქართველს"), უხელმძღვანელოს სუფრას ისე, რომ გზა გაუხსნას ლხინში შემოკრებილ ადამიანთა უკეთეს თვისებათა ჰარმონიულ, დღესასწაულებრივ ურთიერთზიარებას და ლხინის შემტკიცებას. სუფრაზე, რომელიც საკრალური ლხინის სიმბოლოა, არა ოდენ თამადა-ქეიფის წარმმართებელი, არამედ სუფრის თითოეული წარმომადგენელი ცდილობს თავისი მხრიდან სიკეთე და სასიკეთო შესძინოს ლხინს, შეამკოს იგი უფრო, რითაც თვითონ ხდება ლხინის ჩუქურთმა. და რაც უფრო ინტენსიურია ეს პროცესი, მით უფრო მეტი პოეზია, მშვენიერება, სიცოცხლე და ბედნიერებაა მოლხინეთა შორის, რაიც უკვდავებასთან ზიარქმნისა და ყოველდღიურობის მარადიულობით შეცვლის წინაპირობაა. ეს ყოველი მოდის ჩვენი გულებიდან და თითოეული ჩვენთაგანის გულშივე ბრუნდება უფრო მეტად განაყოფიერებული სახით ("რასაცა გასცემ, შენია, რაც არა, დაკარგულია").

mercoledì 30 luglio 2008

ანთებული გული

თუ გიგრძვნიათ სოკრატეს პიროვნება? შინაგანად თუ გიცხოვრიათ მისი თავგადასვლის თაური იდუმალება? ეს საიდუმლო გვამცნობს, რომ თავის შეცნობა და საკუთარი ცოდნის ზღვაშიწვეთობა-საზღვრულობის გაცნობიერება ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

ფართობეჭა პლატონის მოძღვარი პითიას მიერ მიტომ იქნა ცნობილი ელადის ყველაზე ბრძენ ადამიანად, რომ მან უმთავრესად შეიცნო, თუ ვინ იყო, წაიკითხა საკუთარი თავი და ამგვარად, აიჩახჩახა თავისი გული, მზებრიალა გახადა იგი.

გულის ანთება-ამზიანება ეგვიპტელების გულის გაფართოებასთან, ანუ ბედნიერებასთანაა პირდაპირკავშირში. პტაჰის ქვეყნის მკვიდრთა უძველეს კულტურაში მარადისობასთან ხიდად გონება კი არა, სწორედ, გული მოიაზრებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ თვითშემეცნების მნიშვნელობა წითელ ხაზად გასდევს "მატრიცის" მთელ ტრილოგიას.

giovedì 24 luglio 2008

ლაბირინთი-მზის ჭურჭელი

ჩვენი ქვეცნობიერება-მზისა და სიცოცხლის უძირო ჭურჭელი

P.S. კაზრეთის სამების ჩუქურთმა. ზაზა ქარდავას ფოტო

venerdì 18 luglio 2008

ლარს ფონ ტრიერის "ტალღების გაპობისას"

ლარს ფონ ტრიერის შემოქმედების შესახებ ესეში, “კინემატოგრაფიაში გაშიშვლებული საზოგადოების დრამატული სახე”, დანიელი რეჟისორის ერთ-ერთი რჩეული ფილმის განხილვისას თამარ აქუბარდია ამბობს: "სამღვდელოების მიერ ჯოჯოხეთში “გაგზავნილი” მთავარი გმირის სული, ქვეყნიერებას ზეციდან ზარების რეკვით მოევლინა".

ემილი უოტსონის მიერ განსახიერებული ბესი სიყვარულითა და რწმენით გამარჯვებული ქალური ვარიაციით გადმოცემული ფაუსტის ხატია.

mercoledì 16 luglio 2008

ნიცშე და დოსტოევსკი

გერმანია-ნიცშე
რუსეთი-დოსტოევსკი

თავის მსოფლმხედველობაში ნიცშე უფსკრულისაკენ მიმავალი გერმანიის ხსნას და აქედან გამომდინარე, კაცობრიობის კრიზისიდან გამოყვანას ცდილობს. თუმცა, ამას დასავლეთ სამყაროში ღვთის უკვე აღსრულებული მკვლელობის ნიადაგზე ახორციელებს. აქ მდგომარეობს მისი ტრაგიზმიც. ნიცშეში ნიცშემდელი ევროპა იღუპება, რადგან მისი გზა კატასტროფისაკენაა მიმართული. ჰეგელიდან მოყოლებული დასავლური ცივილიზაციის დასასრულს აცნობიერებდა როგორც შოპენჰაუერი, ასევე ჰერმან ჰესსე ("კლინგზორი").

ნიცშე უზარმაზარი ოკეანის ტალღა იყო, რომელმაც უმოწყალოდ გადაუარა სულიერად დაჟანგებულ დასავლეთს. აღსანიშნავია, რომ ჯვარცმული დიონისოს აზროვნების ხერხემალი არ აღმოჩნდა იმდენად მტკიცე, ბოლომდე გაეძლო და გასულიყო დეკადენტური ევროპისათვის გამოსავლისა და ხსნის საძიებელ გზაზე. ნიცშე შინაგანად განიცდიდა თავის ირგვლივ არსებულ კრიზისს და გრძნობდა, რომ დასავლური ცივილიზაცია სიკვდილით სუნთქავდა. საქართველოში ამ ნიუანსს უზუსტესად სწვდა ფშაველი მინდია-ვაჟა. შემთხვევით არ დაახასიათა მან ნიცშეს მხოფლმხედველობა, როგორც "უხერხემლო".

დოსტოევსკიმაც იტვირთა თავისი ხალხის ცოდვები და კაცობრიობის დასავლეთევროპული კრიზისი, რომლებიც შინაგანი სუბლიმირების გზით გადალახა და ამაღლდა მათზე, აღსდგა მკვდრეთით, გასცდა ნიცშეს მიერ გადაულახავ სამანს და ამგვარად, რუსეთსაც და კაცობრიობასაც ხსნის გზა მიუთითა.

ნობელის პრემიის დაარსების შემდეგ ყოველი წლის ჯილდოს გარკვეულწილად დოსტოევსკის საკუთრებად მოვიაზრებ.

ნიცშე და დოსტოევსკი ერთი მედლის ორი მხარეა.

მეზირული სახისმეტყველებისათვის, ანუ “შეიცან თავი შენი”

მეზირული, გველოსნური სიმბოლიკა საკუთარი თავში ლაბირინთული წკვარამებისა და ჯოჯოხეთის გავლა-დატერფვის ალეგორიაა, რომელიც ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს, რათა ჩვენში არსებულ ნაკლოვანებების, ცოდვისა და კვდომის დაურვება-დამარცხებით განვიწმინდოთ, ავმაღლდეთ და შევერწყათ ადამიანის ცხოვრების უზენაეს მიზანსა და ბედნიერებას-წმინდა სამებას.

აქ გველოსნურობის მინდიაური ეტაპი დელფოს სამისნოს უმთავრეს სიბრძნეთაგანის-"შეიცან თავი შენი"-ს სახეცაა.

თანამედროვე და ანტიკური ხანის წარმართობა

2001 წლის კატალოგი-"DonnaD'Oro": "Anima Nera”- ს ძვირფასი თვლებისა და სამკაულის კოლექცია ულამაზეს ...თურთ გარეკანზე.

ბოლოს მინაწერი: "ნამდვილი ცოდვა მათი არშეძენაა".

თანამედროვე წარმართობა, ანტიკური ხანის გასულიერებული სამყაროს წარმართობისაგან განსხვავებით უსულო ნივთებს აფეტიშებს და მათ ადამიანს ყველაზე მდაბიო და სოვდაგრული მანერით უქვემდებარებს.

ერის თვითდამკვიდრება და არსებობა სიყვარულის საწყისებზე

ნიცშეს მიერ საფრანგეთის მოდელის kulturmacht-ის (გამაკულტურებელი ძალის) კონცეფცია, რომელიც მან მკვეთრად დაუპირისპირა მეორე რაიხის მიერ გერმანული ცივილიზაციის გავრცელების ძალადობაზე დაფუძნებულ პოლიტიკას, კიდევ უფრო გაკეთილშობილებულ იქნა სიმონე ვაილის მიერ: სიყვარული ეომება ომს, ანუ ძალადობას.

სახეზეა ერის თვითდამკვიდრება და არსებობა სიყვარულის საწყისებზე-იგივე ერის სიყვარულის ერთ დიდ ოჯახად გარდაქმნა, რომელიც ქმნის და შინაგანად ანათლებს მას (ერს), სიძულვილი კი აბრმავებს და შობს ბრბოს. ერი და ბრბო ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ ადამიანთა ერთობაა.

lunedì 16 giugno 2008

ასიზელი მინდიას ძლევაი საკვირველი

ასიზელი მინდიასაგან სიკვდილის დაიკოდ შერაცხვა კვდომის ძლევა, მისი ადამიანში გასულიერება-გაცოცხლება და ლექსად ქცევაა.

“მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად!"
(ლადო ასათიანი: "ვაჟა-ფშაველას ნაამბობი").

როცა ადამიანი უკვდავი ხდება და შინაგანად მზიანდება, გარესამყაროშიც მარცხდება ცოდვა, ხდება სამყაროს განწმენდვა, გამარადისება, საბოლოო კურთხევა. ადამიანის შიგნიდან მზე სამყაროში იღვრება და თვითონ არსებობას აქცევს ერთ უზარმაზარ მზედ, მზეთა კრებად.

lunedì 5 maggio 2008

იტალია


შევედი სამზარეულოში და ონკანის ქვეშ სტუდენტების მიერ უწესრიგოდ დატოვებული გაურეცხავი ჭურჭელი ვნახე. უკვე მერამდენედ.

აი, ესაა იტალია, ასეთ იტალიაში ცხოვრობენ იტალიელი ახალგაზრდები და თუ დალაგებული სამზარეულო ჩვეულებად არ ექცათ, ასეთ ქვეყანაში იცხოვრებენ ხვალაც.

P.S. გამოხდა ხანი. დღეს შევიარე სამზარეულოში და იტალია მოწესრიგებული დამხვდა :)

lunedì 7 aprile 2008

ფიქრები დჰამა-პადაზე: "სპილო"

"ქალი, თუკი ბრძენი და ზრდილია, პატივს სცემს დედამთილს და ქმრის ერთგულია, მამაკაცზე მეტი ფასი აქვს".

"უმეტესად, ზუსტად ქალები არიან ისინი, ვინც ოჯახში სარწმუნოებრივ ამინდს განსაზღვრავენ და ზნეობრივ პრინციპებს უნერგავენ შვილებს".

მეორეს მხრივ კი, ბუდიზმიდან (და არა მარტო ბუდიზმიდან) გამომდინარე, თუკი ქალი ბრძენი და ზრდილი არაა, არაფერი ისე არ აშორებს კაცს უკვდავებისაგან და არაფერი ისე არ ძირავს მას წუთისოფლის ამაოებაში, როგორც სიბრძნესა და ზრდილობას მოკლებული დედაკაცი. მაშინ ასეთი ქალი მამაკაცში შობს წარმავალ, მდაბალ, ამაოებით სავსე ვნებებსა და სურვილებს; და მაშინ იგი ყველაზე დიდ მაცდურად იქცევა. სწორედ, ასეთი სახეა მინდიას ცოლი გენიოსი ვაჟა-ფშაველას "გველისმჭამელში".

ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმთავითვე საინტერესო ხდება, თუ რა განასხვავებს ბრძენ და ზრდილ ქალს ჩვეულებრივი ქალისაგან. ის, რომ ბრძენ და ჭკვიან ქალს დამორჩილებული აქვს თავისი ეგოიზმი-მტკიცე შეგნებით ალაგმული, ხოლო ჩვეულებრივს კი-არა და საკუთარი ეგოიზმის ტყვეა, რაც ამ ქალსაც აშორებს ბედნიერებისაგან და მას დაკავშირებულ ადამიანებსაც (ქალი იქნება ეს, თუ მამაკაცი). ამდენს ნიშნავს შეგნება, თავდაჭერილობა ადამიანში.

ამ გაგებით ქალსა და კაცს შორის მეგობრობაზეც არსებობს ერთი კარგი სიბრძნე-ლექსებად გადმოცემულ კანონების ("დჰამა-პადა") ერთ-ერთ შაირში თქმულია, რომ:

"თუკი ვინმე იპოვის ფხიზელ მეგობარს, ქველს, თავდაჭერილსა და ძლიერს, გადალახე ყველა წინააღმდეგობა და მიჰყევი მას ცხოვრების გზაზე გახარებულად (კმაყოფილებით), მაგრამ შეგნებულადაც"-ო.

"თუკი ვინმე ვერ იპოვის ყურადღებიან, ქველ, ფხიზელსა და ძლიერ მეგობარს, მაშინ სჯობს, მარტო გაუყვეს ცხოვრების გზას, როგორც მეფე, ვინაც უკან იტოვებს შეძენილ სამეფოს, როგორც სპილო ტყეში" (სპილოსა და ტყის სიმბოლიკა ბუდისტური გაგებისაა ამ შემთხვევაში და ცალკე საკითხია. დჰამა-პადის ამ ლექსსაც ზუსტად "სპილო" ჰქვია სახელად).

ფილოსოფია მოკვდა, ანუ მე და შენ

მე და შენს მიერ თქმული "ფილოსოფია მოკვდა" განსხვავდება ერთმანეთისაგან.

შენი თქმა ძირშივე ფილოსოფიისადმი უძლურ მიმართებას ეფუძნება, ჩემი კი ფილოსოფიის აღდგომის სურვილზეა დამყარებული და მის ფერიცვალებას ისახავს მიზნად.

mercoledì 2 aprile 2008

მითოლოგიური ლაბირინთის სახე, ანუ სკეფსისი და ჭეშმარიტება.

ყოფიერების ლაბირინთში შესული აუცილებლად გადაჰყრია სკეფსისის ურჩულს; ან ძლეულა მისგან, როგორც ეს ხდებოდა მინოტავრის მსხვერპლთა შემთხვევაში, ან თავად გამარჯვებულა ბეელზებუბზე.

ყოველ დიდ და გონიერ ადამიანს უგემნია სკეფსისის გესლი, მაგრამ ვიცით რა გველის შხამის ორმნიშვნელოვანი თვისების შესახებ (სასიკვდილო და სამკურნალო), გვეცნაურება ისიც, რომ სკეფსისის გადამლახავის განბრძნობა (მინდია) უფრო ღრმაა იმათ ცოდნასთან შედარებით, ვინაც არ შეიწუხა თავი, ან არ გაბედა საბედისწერო ლაბირინთში შესვლა და ცხოველური კმაყოფილებით ჰგონია, რომ უამისოდაც ბედნიერია.

სწორედ, ჭეშმარიტების ძიებისა და მისკენ სვლის ერთ-ერთი საფეხურია სკეფსისი, რომლის გავლა და დაძლევა კიდევ უფრო აძლიერებს ჭეშმარიტების ხარისხს ადამიანში.

ზვიად გამსახურდია წერს:

"რელიგიური შემეცნების გზა არ არის სწორხაზოვანი. ვისაც სკეპტიციზმის გესლი არ უგვრძნია, იგი ვერასოდეს შესულა რელიგიური შემეცნების სიღრმეებში".

"ღრმა რელიგიური რწმენისა და მისწრაფების ადამიანებს ხშირად ახასიათებთ გავლა სკეპტიციზმის და უარყოფის ეტაპებისა".

თანამედროვე იტალიელი ფილოსოფოსი, ემანუელე სევერინო:

"Tanto più profondo è lo scetticismo, tanto più autentica è l'epistéme che riesce a superarlo" (რაც უფრო ღრმაა სკეპტიციზმი, მით უფრო აუთენტურია მისი გადამლახავი ეპისთემე, ცოდნა, შემეცნება).

უნდა ითქვას ისიც, რომ ეპისთემე იმეორებს ჰარმონიის რაობას, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მოწესრიგებული ქაოსი: ჯერ კიდევ ქაოტურ მდგომარეობაში მყოფი ერთმანეთს დაპირისპირებულ იმპულსების ჰარმონიზირებული და ცენტრიდანული სახე. ეპისთემე, მისი თაური მნიშვნეობიდან გამომდინარე ("ეპი"-ზე, ზევით; "ჰისტამაი"-ყოფნა, დამტკიცება), ისეთი შემეცნებაცაა, რომელიც ძლევს სკეპტიკურ ეჭვის ქვეშ დაყენებული, ან სულაც, უარყოფილი ჭეშმარიტების კონდიციას და ურყევ ცოდნად იქცევა.

ქვეცნობიერებისა და ყოფიერების ლაბირინთში დაკარგვა აბსურდისა (ჭეშმარიტების ნაკლებობა, ან მისი სრული გამორიცხვა) და სიცრუის ზეიმია, რასაც დაღუპვამდე მიჰყავს ადამიანი; ხოლო ლაბირინთის ძლევა და მზიურში გამოღწევა-გამარჯვებისა და ამაღლების, ზრდის სომბოლოა.

giovedì 27 marzo 2008

ფსიქოანალიზი და "ვეფხისტყაოსანი"

წარმოიდგინე ფსიქოანალიტიკურად წაკითხული "ვეფხისტყაოსანი", როგორც თითოეული ადამიანის შინაგანი, სულიერი თავგადასავალი ისევე, როგორც შოთას გენიალურობით გადმოცემული კაცობრიობის მთელი მატიანის ერთი დიდი ალეგორია (ამ უკანასკნელის შესახებ ბრწყინვალედ საუბრობს ზვიად გამსახურდია თავის "ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება"-ში).

mercoledì 26 marzo 2008

ტიციან ტაბიძე და Memento Mori



ტიციან ტაბიძე "Memento Mori"-ს მკერდში, მკერდზე და მკერდით ატარებდა.

ნიჭი-საგანძური


თუკი ესა თუ ის ადამიანი საკმაოდ გულისხმიერია იმისათვის, რომ გაიგოს, თუ რა და როგორი ნიჭით დააჯილდოვა იგი უფალმა, მიხვდება საკუთარ როლს და მისიას ყოფიერებაში.

არ დაგვავიწყდეს, რომ ნიჭი ძველ ქართულში ნიშნავს არა ოდენ უნარს, არამედ საგანძურსაც. ჭკუა და ღვაწლია საჭირო ამ ზეგარდმობოძებული სიმდიდრის გამოსაყენებლად, გასანოყიერებლად და გასამრავლებლად.

sabato 22 marzo 2008

დრო, მეხსიერება, "ვეფხისტყაოსანი"

წარმავალი დროის მკვლელია "ვეფხისტყაოსანი" და ბედნიერია ის, ვისაც საკმაოდ, ან მთლიანად შეუსწავლია იგი. უკვდავი შოთას გზნება-პოემის გადაკითხვით, თუ ზეპირად გამეორება მეხსიერების გაფართოებისა და განმტკიცების ამაღლებული და კეთილშობილრი სახეა. ამგვარად, მეხსიერება იფერთხება ამაოებისა და უსახურობის ყველანაირი ჟანგისაგან და წკრიალა, მარადისობაში ნაწრთობი ფოლადის ხმას გამოსცემს.

სულხან-საბას "სიტყვის კონა"-ში მახსოვრობა ძველ საქმეთა ცოდნითაა აღნიშნული და შესაბამისად, წარმავალ დროზე მაღლა დგას ის, ვისაც არა ოდენ წარსული, აწმყო და მომავალი აქვს ურღვევი ერთობით შეკრული, არამედ დაძლეული აქვს ისტორიული განზომილება და ზეისტორიული ხასიათისა გახადა საკუთარი აზროვნება.

ტყუილად არ აქვს მინიშნებული ანტიკური პედაგოგიკის კლასიკოსს, მარკუს ფაბიუს კვინტილიანეს, რომ თუ დრო დავიწყების იარაღადაა ცნობილი, მეხსიერება მისი მტერია.

ხუთი წლისა ვიყავ, როდესაც მამამ "ვეფხისტყაოსნის" შესწავლა დამაწყებინა. ძალიან მოძრავი ვიყავი და ვცდილობდი, ადრე მოვრჩენილიყავ სწავლას, რათა გართობისთვის გავთავისუფლებულიყავი. მამის ნებამ კი თავისი გაიტანა და ბოლოს იმდენი შემასწავლა, ყოველ კვირა დღეს უნდა გადამემეორებინა შოთაის საგა. მონიშნული მქონდა, ზუსტად ნახევარი საათი მჭირდებოდა აღქმულის გადასამეორებლად. მაშინ ეს პროცესი არ იყო ადვილი ჩემში მბორგავი ენერგიის გამო. თუმცა, უღრმესი მადლობა ჩემს ძვირფას მშობელს "ვეფხისტყაოსნისთვის", რადგან მისი შესწავლით ერთ-ერთი მრავალთაგანი სიკეთე, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მებოძა ისაა, რომ უკეთესი სახით შემიძლია საკუთარი მეხსიერების გავარჯიშება.

ერთ-ერთი მხარე იმისა, თუ "ვეფხისტყაოსნის" მეშვეობით როგორ იმარჯვებდა ქართველი ერი დროის წარმავლობაზე

martedì 18 marzo 2008

ფილოსოფიისადმი დამოკიდებულებისათვის

არსებობენ ორი ტიპის ადამიანები, რომელნიც ამბობენ, რომ ფილოსოფოსები არცთუ იშვიათად "ტვინის დიდი მბურღველები" არიან: ისინი, ვინც ცუდად იცნობს ფილოსოფიურ ტრადიციას და ისინი, ვინც მას შესანიშნავად ფლობენ.

პირველთ მუდამ ფილოსოფიის უნაყოფობაზე აქვთ საუბარი; მეორენი კი, იმთავითვე ხვდებიან და იაზრებენ სიბრძნის სიყვარულის უცვლელ მნიშვნელობას და ამ უკანასკნელთა კრიტიკული დამოკიდებულება სხვა არაფერია, თუ არ ჯანსაღი რეაქცია ზოგიერთი ფილოსოფოსის მიერ დაშვებულ
ლაფსუსებისადმი, თუ ნაკლულოვანებებისადმი.

ფოლოსოფოსების შეცდომა ფილოსოფიას რაციონალური სადო-მაზოხიზმის ხასიათს სძენს, რადგან წინა ეპოქის, ან თაობის ნააზრევი ფუნდამენტალურად შეიძლება უარყოფილ იქნას მომდევნოსაგან (დეკარტი-რორტის გონებისა და სხეულის ურთიერთმიმართების, ასევე, აზროვნების პარადიგმა); და ის, ვინც სწავლობს აზროვნებათა სისტემის ცვალებადობათა თავგადასავალს, ასეთი ინტელექტუალური წნეხის ქვეშ ექცევა.

ამ მხრივ, მეცნიერება უფრო ზუსტი და სწრაფია. თუმცა, კაცობრიობის ისტორია გვარწმუნებს, რომ სწორედ, მის შიგნით დაშვებული ლაფსუსების გააზრება წარმოადგენს მეცნიერული წინსვლის ერთ-ერთ განმაპირობებელ მიზეზს. იგივე ეხება ფილოსოფიასაც მაშინ, როცა ხელოვნება პირველისა და მეორეს შემოქმედებითი და კრებითი ერთობა, ასახვა და საკუთარ თავში გადახარშვაა.

lunedì 17 marzo 2008

თვალი, ხედვა, ცოდნა, ჭეშმარიტება


ვიზიონერული მხარე ერთია, რაიც ჭვრეტას, ცოდნას აღნიშნავს, მაგრამ ეს ყოველივე არ მოასწავებს ჭეშმარიტებამდე მისვლას, მიღწევას, არამედ ხედვა მასთან მისასვლელი გზის ნახევარია და არა საბოლოო მიზანი.

მზერა, ცოდნა აადვილებს ჭეშმარიტების აღქმას და მასთან მიახლოებას. ამად, საკუთრივ ცოდნა კი არაა უზენაესი მისწრაფება, არამედ შუალედია ადამიანსა და ჭეშმარიტებას შორის.

სინამდვილე და ფიქცია

ჩვენ ყველგან და მუდამ ვხედავთ სიმბოლოებს, მაგრამ მათ რაოდენობრივ მხარეზე უფრო მნიშვნელოვანია თუ რა სახის არიან ისინი, ანუ არსებითია სიმბოლოთა ხარისხი.


პლატონის მიერ გამოყენებული გამოქვაბულის ალეგორიაში ჩვენ ვხედავთ გამოსახულებებს, რომელიც ფიქციაა. უკეთეს შემთხვევაში, ისინი შესაძლებელია გამოქვაბულს გარეთ არსებული რეალობის ამსახველნი იყვნენ. ეს საუკეთესო ურთიერთმიმართებაა ნამდვილსა და ფიქციას შორის და შედეგიც დადებითია, თუკი გარესამყაროსთან ურთიერთმიმართება მართებულად აისახება და დადებითად ზემოქმედებს ადამიანის შინაგან განცდებზე, შინაგან სამყაროზე, ანუ როცა ფიქციის სახით ადამიანის სინამდვილისკენ, თავისუფლებისაკენ, ნათლისაკენ
მავალი გზის, ნიშნების პროიეცირება გვაქვს მოცემული.

... მაგრამ წარმოიდგინეთ შედეგები, როდესაც ფიქცია სინამდვილის ალეგორიული გადმოცემა კი არაა, არამედ მისგან საპირისპირო მიმართულებით, სიცრუისკენ, არარასკენ, სიბნელისკენ წარმმართებელი უსახურობა.

giovedì 13 marzo 2008

ზოდიაქოს მეფური ხერხემალი

ვერძი (მთავარი. ვერძული მზიურობა)-ლომი (მეფე. ლომური მზიურობა)-ღრიანკალი (იმპერატორი. არწივური მზიურობა: მორიელი-გველი-ფასკუნჯი-არწივი): ზოდიაქოს მეფური ხერხემალი.

როცა ხელოვნება და ცხოვრება სხვა და სხვაა

ალილ ჯიბრანს თავის "სულიერ მაქსიმებში" ერთგან უწერია, რომ სენტენციები უმნიშვნელონი იქნებიან მანამ, სანამ არ იქცევიან ცხოვრებისეულ ჩვევად.

ჩანს, რომ დიდ ლიბანელ ხელოვანს გაუვლია ეტაპი, როდესაც გაუთავისებია
, რომ თუკი ხელოვნება არ წარმოადგენს ღრმად ნაცხოვრებსა და შეგრძნებულს, რაც არ უნდა ლამაზი იყოს გარეგნულად, ფორმალურად, აუცილებლად განწირულია წარმავლობისათვის, გასაქრობად.

ამადაც იყო, რომ დავწვი ჩემი არაერთი ადრინდელი ნაწარმოები.

venerdì 29 febbraio 2008

მუსიკა, სიყვარული, ადამიანი

მუსიკა სიყვარულს ჰგავს: როცა გიყვარს, ყველას და ყველაფერს ჰყვარობ. ყოველი ლამაზია და მშვენიერი, რადგან შინაგანად ყველაზე არსებითი რაობა გავსებს და მაშინ ჟანრობრივი სხვაობა ფერმკრთალდება. აი, ამ შემთხვევაშია, როგესმის სრულად და იცი ყველაზე ნამდვილი და დიდი მუსიკა, რამეთუ თავად ხდები იგი.

ასევეა, ადამიანისადმი მიმართებაშიც: არავინ იბადება სრულყოფილი; ცხოვრების განმავლობაში სრულიქმნები და რაც უფრო უახლოვდები სისავსეს, მით უფრო მშვენიერი ხდები, მით უფრო ბრწყინავ; ახარებ თვალს, გულს, სულს. ნებისმიერი ადამიანი თავისთავად განუმეორებელია და როცა გვიყვარს მოყვასი, გვიყვარს მისი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე, რამეთუ მასში ყველაზე მთავარი აღმოვაჩინეთ და შევიყვარეთ-განუმეორებელი ადამიანი.

giovedì 31 gennaio 2008

სალამ-ქალამისათვის

ადამიანი მოსალმებაშიც იცნობაო.

უღრმესი მნიშვნელობის სიბრძნეა და რამდენმხრივი ახსნა გააჩნია, უშუალოდ ცხოვრებისეული: წმინდა რამაა. ადამიანს სალამ-ქალამი თუ ეძვირება, მას ნაკლებად აინტერესებ, ნაკლებად უყვარხარ. და აქ დიდმნიშვნელოვანი ზრდილობა კი არაა გადამწყვეტი, არამედ დაბადებიდანვე თანდაყოლილი კეთილშობილება. რადგანაც წარუვალი ოდენ სულიერი არისტოკრატიზმია (სხვა არისტოკრატიზმის არ მწამს), მოყვასისადმი სიყვარული თავმოყვარეობიდან იღებს სათავეს. ამ უკანასკნელის ნაკლებობაა მიზეზი ადამიანისაგან მადლიანი მოსალმების ფასის არცოდნის.

რატომ?

საკუთარ თავს სცემს ნაკლებ პატივს, ნაკლები თვითშეგნება გააჩნია, ნაკლებად უყვარს თავისი თავი-თავმოყვარეობის მაგივრად ეგოიზმს აქვს დაბუდებული მასში. ეს ორი დიამეტრალურად განსხვავებული რამაა, რადგან ვინც თავმოყვარე არაა, ვერც სხვას შეიყვარებს.

არადა, ზედაპირული ხედვით დანახული ეს სიტყვა ბანალურია თითქოს. თუმცა, მისი გამარტივება ადამიანის სულის გამარტივების შედეგია უფრო და არა თვითონ სიტყვაში ჩადებული ღრმა შინაარსის ბრალი.

ცხოვრებაში უხვია მსგავსი ანალოგიები. ნეტარი არა მარტო ის იყო, ვინც ასეთ გენიალურ სიტყვებს ადგენდა, არამედ ისიც, ვინც ითავისებდა ამ ერთჯერ შეწვდენილ-ჩაწვდენილი და განხორციელებული აზრის მშვენიერებას.