lunedì 7 aprile 2008

ფიქრები დჰამა-პადაზე: "სპილო"

"ქალი, თუკი ბრძენი და ზრდილია, პატივს სცემს დედამთილს და ქმრის ერთგულია, მამაკაცზე მეტი ფასი აქვს".

"უმეტესად, ზუსტად ქალები არიან ისინი, ვინც ოჯახში სარწმუნოებრივ ამინდს განსაზღვრავენ და ზნეობრივ პრინციპებს უნერგავენ შვილებს".

მეორეს მხრივ კი, ბუდიზმიდან (და არა მარტო ბუდიზმიდან) გამომდინარე, თუკი ქალი ბრძენი და ზრდილი არაა, არაფერი ისე არ აშორებს კაცს უკვდავებისაგან და არაფერი ისე არ ძირავს მას წუთისოფლის ამაოებაში, როგორც სიბრძნესა და ზრდილობას მოკლებული დედაკაცი. მაშინ ასეთი ქალი მამაკაცში შობს წარმავალ, მდაბალ, ამაოებით სავსე ვნებებსა და სურვილებს; და მაშინ იგი ყველაზე დიდ მაცდურად იქცევა. სწორედ, ასეთი სახეა მინდიას ცოლი გენიოსი ვაჟა-ფშაველას "გველისმჭამელში".

ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმთავითვე საინტერესო ხდება, თუ რა განასხვავებს ბრძენ და ზრდილ ქალს ჩვეულებრივი ქალისაგან. ის, რომ ბრძენ და ჭკვიან ქალს დამორჩილებული აქვს თავისი ეგოიზმი-მტკიცე შეგნებით ალაგმული, ხოლო ჩვეულებრივს კი-არა და საკუთარი ეგოიზმის ტყვეა, რაც ამ ქალსაც აშორებს ბედნიერებისაგან და მას დაკავშირებულ ადამიანებსაც (ქალი იქნება ეს, თუ მამაკაცი). ამდენს ნიშნავს შეგნება, თავდაჭერილობა ადამიანში.

ამ გაგებით ქალსა და კაცს შორის მეგობრობაზეც არსებობს ერთი კარგი სიბრძნე-ლექსებად გადმოცემულ კანონების ("დჰამა-პადა") ერთ-ერთ შაირში თქმულია, რომ:

"თუკი ვინმე იპოვის ფხიზელ მეგობარს, ქველს, თავდაჭერილსა და ძლიერს, გადალახე ყველა წინააღმდეგობა და მიჰყევი მას ცხოვრების გზაზე გახარებულად (კმაყოფილებით), მაგრამ შეგნებულადაც"-ო.

"თუკი ვინმე ვერ იპოვის ყურადღებიან, ქველ, ფხიზელსა და ძლიერ მეგობარს, მაშინ სჯობს, მარტო გაუყვეს ცხოვრების გზას, როგორც მეფე, ვინაც უკან იტოვებს შეძენილ სამეფოს, როგორც სპილო ტყეში" (სპილოსა და ტყის სიმბოლიკა ბუდისტური გაგებისაა ამ შემთხვევაში და ცალკე საკითხია. დჰამა-პადის ამ ლექსსაც ზუსტად "სპილო" ჰქვია სახელად).

Nessun commento: