mercoledì 2 aprile 2008

მითოლოგიური ლაბირინთის სახე, ანუ სკეფსისი და ჭეშმარიტება.

ყოფიერების ლაბირინთში შესული აუცილებლად გადაჰყრია სკეფსისის ურჩულს; ან ძლეულა მისგან, როგორც ეს ხდებოდა მინოტავრის მსხვერპლთა შემთხვევაში, ან თავად გამარჯვებულა ბეელზებუბზე.

ყოველ დიდ და გონიერ ადამიანს უგემნია სკეფსისის გესლი, მაგრამ ვიცით რა გველის შხამის ორმნიშვნელოვანი თვისების შესახებ (სასიკვდილო და სამკურნალო), გვეცნაურება ისიც, რომ სკეფსისის გადამლახავის განბრძნობა (მინდია) უფრო ღრმაა იმათ ცოდნასთან შედარებით, ვინაც არ შეიწუხა თავი, ან არ გაბედა საბედისწერო ლაბირინთში შესვლა და ცხოველური კმაყოფილებით ჰგონია, რომ უამისოდაც ბედნიერია.

სწორედ, ჭეშმარიტების ძიებისა და მისკენ სვლის ერთ-ერთი საფეხურია სკეფსისი, რომლის გავლა და დაძლევა კიდევ უფრო აძლიერებს ჭეშმარიტების ხარისხს ადამიანში.

ზვიად გამსახურდია წერს:

"რელიგიური შემეცნების გზა არ არის სწორხაზოვანი. ვისაც სკეპტიციზმის გესლი არ უგვრძნია, იგი ვერასოდეს შესულა რელიგიური შემეცნების სიღრმეებში".

"ღრმა რელიგიური რწმენისა და მისწრაფების ადამიანებს ხშირად ახასიათებთ გავლა სკეპტიციზმის და უარყოფის ეტაპებისა".

თანამედროვე იტალიელი ფილოსოფოსი, ემანუელე სევერინო:

"Tanto più profondo è lo scetticismo, tanto più autentica è l'epistéme che riesce a superarlo" (რაც უფრო ღრმაა სკეპტიციზმი, მით უფრო აუთენტურია მისი გადამლახავი ეპისთემე, ცოდნა, შემეცნება).

უნდა ითქვას ისიც, რომ ეპისთემე იმეორებს ჰარმონიის რაობას, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მოწესრიგებული ქაოსი: ჯერ კიდევ ქაოტურ მდგომარეობაში მყოფი ერთმანეთს დაპირისპირებულ იმპულსების ჰარმონიზირებული და ცენტრიდანული სახე. ეპისთემე, მისი თაური მნიშვნეობიდან გამომდინარე ("ეპი"-ზე, ზევით; "ჰისტამაი"-ყოფნა, დამტკიცება), ისეთი შემეცნებაცაა, რომელიც ძლევს სკეპტიკურ ეჭვის ქვეშ დაყენებული, ან სულაც, უარყოფილი ჭეშმარიტების კონდიციას და ურყევ ცოდნად იქცევა.

ქვეცნობიერებისა და ყოფიერების ლაბირინთში დაკარგვა აბსურდისა (ჭეშმარიტების ნაკლებობა, ან მისი სრული გამორიცხვა) და სიცრუის ზეიმია, რასაც დაღუპვამდე მიჰყავს ადამიანი; ხოლო ლაბირინთის ძლევა და მზიურში გამოღწევა-გამარჯვებისა და ამაღლების, ზრდის სომბოლოა.

Nessun commento: