giovedì 31 gennaio 2008

სალამ-ქალამისათვის

ადამიანი მოსალმებაშიც იცნობაო.

უღრმესი მნიშვნელობის სიბრძნეა და რამდენმხრივი ახსნა გააჩნია, უშუალოდ ცხოვრებისეული: წმინდა რამაა. ადამიანს სალამ-ქალამი თუ ეძვირება, მას ნაკლებად აინტერესებ, ნაკლებად უყვარხარ. და აქ დიდმნიშვნელოვანი ზრდილობა კი არაა გადამწყვეტი, არამედ დაბადებიდანვე თანდაყოლილი კეთილშობილება. რადგანაც წარუვალი ოდენ სულიერი არისტოკრატიზმია (სხვა არისტოკრატიზმის არ მწამს), მოყვასისადმი სიყვარული თავმოყვარეობიდან იღებს სათავეს. ამ უკანასკნელის ნაკლებობაა მიზეზი ადამიანისაგან მადლიანი მოსალმების ფასის არცოდნის.

რატომ?

საკუთარ თავს სცემს ნაკლებ პატივს, ნაკლები თვითშეგნება გააჩნია, ნაკლებად უყვარს თავისი თავი-თავმოყვარეობის მაგივრად ეგოიზმს აქვს დაბუდებული მასში. ეს ორი დიამეტრალურად განსხვავებული რამაა, რადგან ვინც თავმოყვარე არაა, ვერც სხვას შეიყვარებს.

არადა, ზედაპირული ხედვით დანახული ეს სიტყვა ბანალურია თითქოს. თუმცა, მისი გამარტივება ადამიანის სულის გამარტივების შედეგია უფრო და არა თვითონ სიტყვაში ჩადებული ღრმა შინაარსის ბრალი.

ცხოვრებაში უხვია მსგავსი ანალოგიები. ნეტარი არა მარტო ის იყო, ვინც ასეთ გენიალურ სიტყვებს ადგენდა, არამედ ისიც, ვინც ითავისებდა ამ ერთჯერ შეწვდენილ-ჩაწვდენილი და განხორციელებული აზრის მშვენიერებას.