mercoledì 22 aprile 2009

ბავშვი

განსხვავება ბავშვსა და "ბაღანას" შორის ისაა, რომ პირველი არა ოდენ ქვეცნობიერი, არამედ გაცნობიერებული არჩევანია ყოფიერებისა და Modus Vivendi-ს. ამ შემთხვევაში, შეიძლება 80 წლისანი ვიყოთ, მაგრამ შინაგანად ჩვენი პიროვნების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ასეთი სპონტანური და მზიურად სუბიექტური არსებობა შეადგენდეს. ზოგჯერ ხდება ისეც, როცა ცდილობენ თავის გაბავშვებას, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ხელთ სხვა არავინ და არაფერი გვრჩება, თუ არა ინფანტილური და შინაგანად უმწიფარი პიროვნებები, რომელნიც იმაზე მეტს არ/ვერ ამბობენ და აკეთებენ, რამდენიც ესმით, რამხელა შეგნებაც გააჩნიათ. ესაა "ბაღანას" სახე; კარიკატურული ბუნებისა კი არც ხელოვნური ბავშვურობა ვარგა და არც ნაძალადევად მორგებული ბრძენი ბერიკაცის ნიღაბი. ჭეშმარიტების ფარდები მოქმედებაში იხსნებიან, რომელიც უპირველესად, უფრორე შინაგანი ხასიათის აქტია.

საგულისხმოა ისიც, რომ ასევე, სამართლიანად მიჩნეული ანტიკური პედაგოგიკის ფუძემდებელი პლატონი პიროვნების აღზრდის საქმეში შემთხვევით არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას ღვინის მოზომილ და გაცნობიერებულ გამოყენებას უძველესი წარსულის მქონე სუფრის, ლხინის, ტრაპეზის მისტერიულ ტრადიციაში ("კანონები"), სადაც ღვთიური ნეკტარი, ამავე დროს, არიადნეს ძაფის ფუნქციის მატარებელია ქვეცნობიერების ლაბირინთებში პიროვნების მზიური გამარჯვების მოსაპოვებლად. არახალია, რომ "კანონები" ხნიერი პლატონის ჩვენამდე მოღწეულ ნამუშევართა რედაქტირებული კრებულია (განხორციელებული მისი აკადემიელი მოწაფის, ლოკრიდელი წარმოშობის მათემატიკოსისა და ასტრონომის-ფილიპე ოპუნტელის მიერ). შესაბამისად, ზემოთქმულთან ერთად კიდევ უფრო საინტერესო მომენტს წარმოადგენს ის, რომ ელადის ქალაქებში სამაგალითო ერიშვილისა და მამულიშვილის ჩამოყალიბების საქმეში სხვა საშუალებებთან ერთად (მუსიკა, როკვა, ტანვარჯიში), ლხინისა და სუფრაზე ღვინის ელემენტი იყო ერთ-ერთი ძლიერი განმაპირობებელი პიროვნების არა მარტო ბავშვურობაში დასაბრუნებლად, არამედ ბავშვურობამდე მისაღწევადაც, რაც შინაგანად ამა თუ იმ ადამიანის ბუნებრივი და საუკეთესო მდგომარეობა, კონდიციაა.

ქრისტე, როგორც საუკეთესო მისაბაძი სახება

ვინც კი ოდნავ მაინც გაითავისებს ქრისტეს ბუნებისა და თავგადასავლის რაობის თუნდაც უმცირეს ნაწილს, გულისყურით იმთავითვე გაიგებს, თუ რაოდენ უთვალავ ნიაგარისდარად ხმიერი და ძალუმია იგი. ამ გონებადაუტეველი სიცოცხლის მზიურ ურაგანს კი საფარველად ჩვენს ირგვლივ შემორტყმული ყოფიერება აკრავს, რომლის თითოეულ ჩვენთაგანში დადუმება და ძლევა ჰხამს გაცილებით უფრო დიდი სინამდვილის განსაცხადებლად და გამოსაბრწყინებლად.

martedì 21 aprile 2009

მზეჭაბუკი

მზეჭაბუკობა და ძველ, თუ ახალ ეპოქათა სოლარული გმირები სხვა არაფერია, თუ არა ბედნიერებითა და ბედნიერებაში გაწვრთნილ-გამობრძმედილი ადამიანის სახე, სადაც სიბრძნის სიყვარული და პოიეზისი შინაგანი მზიურობის მისაღწევად ერთ-ერთი საუკეთესო ყოველდღიური საშუალებებია. ყოფიერების შავბნელ ლაბირინთებში კი ადამიანი ცოდვასა და მის შედეგს-კვდომას საკუთარი თავის მზიური განხორციელებით თუ დაძლევს ოდენ.

venerdì 17 aprile 2009

ფილოსოფია და პოიეზისი

ზოგადად, ლიტერატურის საუკეთესო და ყველაზე საინტერესო ნიმუშებს ის ნაწარმოებები, ან ის ეპიზოდები წარმოადგენენ, რომელთაც სულით პოეტები ფილოსოფიურ სიღრმეს ანიჭებდნენ; რადგანაც პოეზია არა ოდენ ლექსის წერას ნიშნავს და მის უზენაეს გამოვლინებას პროზის სახით გადმოცემულ სათქმელშიაც შეიძლება შევხვდეთ, უდიდესი ფილოსოფოსების შედევრები პოიეზისის კლასიკაა,- თუნდაც, პროზის სახით იყვნენ შედგენილნი. პლატონი, სენეკა, ნიცშე, კირკეგორი, შოპენჰაუერი ამის სამაგალითო დასტურია.