domenica 27 settembre 2009

გრინბერგის პარადიგმის ჩემეული ვარიაცია

კლემენტ გრინბერგის მიერ პიკასოსა და რეპინის (მცდარად მოყვანილი მაგალითი, რის გამოც მოგვიანებით ავტორმა ბოდიშიც მოიხადა) შემოქმედებათა ურთიერთშეჯერების ჩემეული ვარიაცია: დიდი ხელოვნება ისევე, როგორც პიროვნებები, ხშირად ჰანს ქრისტიან ანდერსენის "მახინჯი იხვის ჭუკი"-ა, რომელიც თავის ამომცნობ-დამნახველს ელოდება და არსობრივად განსხვავდება კიჩისა, თუ მცენარეული ავტომატურობით მცხოვრები ინდივიდებისაგან.

martedì 22 settembre 2009

გალაკტიონი

ანუ სხვაობა ნაკითხსა და განათლებულს შორის

ბევრის მკითხველი ნაკითხია, რაც არ ნიშნავს განათლებულს. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: დღეს რომ გალაკტიონი ცოცხალი იყოს და ქალს მისი პოეზია ხმამაღალი განაცხადით უყვარდეს. და აი, ერთხელაც, პოეტი მიდის იქ, სადაც სატრფო ეგულება. მისალმების ნიშნად უგზავნის თავის ლექსს, თავად კი მის გამოსვლასა და შეხვედრას ელოდება, რათა სულში ღმერთი გაიმრავლოს. მთავრდება სამუშაო განრიგი. ამ დროს კი, ქალი ელდანაცემივით გამორბის და გაქცევით შველის თავს, თითქოს პოეტი კეთროვანია, ან შეუფერებელი განზრახვისათვის იყოს მოსული. ხელოვნებისა და ხელოვანისადმი ასეთი კარიკატურული სიმპატია გულუბრყვილო (უკეთეს შემთხვევაში), ან მიზანშეწონილი (უარეს შემთხვევაში) ფარისევლობაა, რაც გოლგოთაზე აღსრულებული უსასტიკესი და ღმერთკაცობრივი მისტერიის შემდეგ კვლავგაგრძელებული ქრისტეს ყოველდღიური ჯვარცმისაგან დიდად არ განსხვავდება. არ გამიკვირდებოდა, დღევანდელ დღეს მცხოვრები გალაკტიონი კვლავ მიუსაფარი, მარტოსული და მოხეტიალე რომ ყოფილიყო. ვფიქრობ, ასეც იქნებოდა. ეს შინაგანად დანახული სავსე რეალობაა, სხვა ყოველი კი გარეგნულად ბრჭყვიალა ზიზილ-პიპილოებია. ამად, ნაკითხს განათლებულობამდე ჯერ კიდევ აქვს სავალი.

განათლებული კი ისაა, ვინც გულისყურით კითხულობს, იმეცნებს და მოქმედებს. ბრძენი განათლებულია; პოეტი ბრძენი მეფეა, რომელიც თავის გამზიანებულ ტოლ-ფერთან შესახვედრად მიდის და ნაწერი, თუ თვალებიდან გამონახედი ლექსით ესალმება მას; მოშაირის მოცალე კი დედოფალია, ვინც დედოფლურადვე იქცევა, დედოფლურადვე ესალმება მოყვარეს და თუ საჭიროა, ვისი დედოფლური სამგზისი “არა” უფრო შეუვალი შეიძლება იყოს, ვიდრე მამაკაცის ნებისმიერი ძალისხმევა.

mercoledì 9 settembre 2009

ემანუელ მუნიეს პერსონალიზმი და რენე ჟირარის მიმეტიზმი

ფრანგ ფილოსოფოს და პერსონალიზმის ფუძემდებელ ემანუელ მუნიესთან პიროვნული მიმბაძველობის უნარი სიცოცხლეზე, არსზე, სიყვარულსა და სიკეთეზეა დამყარებული, მათკენაა მიმართული და მათი ყოველდღიური არსებობის ნორმადქცევას მიესწრაფვის.

ამავე დროს, დიდი ფრანგი ქრისტიანი ანთროპოლოგი, რენე ჟირარი მითოლოგიური და სახარებისეული მიმეტიზმის ურთიერთშეჯერებით გვაძლევს საპირისპირო სახეს, როდესაც სატანური და უპიროვნო მიმბაძველობა სიცრუეზე, არარსზე, კვდომასა და ბოროტებაზე დაფუძნებული ამპარტავნული, მაგრამ ამავე დროს, შეუძლებელი სწრაფვაა უზენაესი შემოქმედის ადგილის დასაკავებლად.