domenica 25 gennaio 2009

კინოტრილოგია "მატრიცა"

რატომ მოიპოვა კინოტრილოგია "მატრიცა"-მ უზარმაზარი პოპულარობა?

მიტომ, რომ მასში შერწყმული და კინოპოეტური ენითაა გადმოცემული კაცობრიობის ფილოსოფიური, მეცნიერული და რელიგიური წარმოდგენები.

გრიგოლ რობაქიძის "გველის პერანგი"

გრიგოლ რობაქიძის "გველის პერანგი" წინასწარმეტყველური საგაა ჩვენი ერის თავგადასავლის. საქართველოში დატრიალებული ეპოქალური ქარიშხლების მიზეზით უცხოეთში გადახვეწილი ქართული ემიგრაცია ასევე შეიძლება მოაზრებულ იქნეს არჩიბალდ მეკეშის პერსონიფიკაციად, რომელიც უბრუნდება სამშობლოს ფესვებს და ხელახლა ერწყმის რა საკუთარ წარსულს, აგრძელებს დროებით გაწყვეტილ ისტორიულ გზას და ამით საფუძველს უყრის ქართველი ერის სულიერი მისიის ხელახალ აღორძინებას.

ჯორჯ ორუელი და საქართველოს რეალობა

შევარდნაძის რეჟიმი ჯორჯ ორუელის "1984"-ის ტოტალიტარული რეჟიმის სისტემის ფსიხესაგან განსხვავებული, მაგრამ არანაკლები სისასტიკით აგებული მანქანაა. თუკი დიდი ინგლისელი მწერლის რომანში თვითონ პიროვნებასა და მის თავისუფლებას ებრძვიან, საქართველოში ბრძოლა ათეულობით წლების განმავლობაში ღირსების წინააღმდეგ იყო მიმართული. ქართველის ჭეშმარიტი ბუნება კი თვისობრივად ქრისტიანულია, ალტრუისტული; საკუთარი პიროვნების სიმართლისა და მაღალი იდეალების სამსხვერპლოზე მიტანა მისი სიცოცხლის უმთავრესი მიზანია.

ღვინობისთვის 5, 2004
ქ. თბილისი, გეორგია

რომეო და ჯულიეტა

კაცობრიობა ღმერთით გაჯერებული ეპოქიდან ევროპული რენესანსით "რომეოსა და ჯულიეტა"-ს სიყვარულამდე დავიდა და ეს უკანასკნელი ორი ტოლ-სწორი სულის სიყვარულის ლამაზი გამოხატვაა.

მასში ნაკლებია ღმერთი; მასში სამანების გადმოხეთქვისა და გარღვევის უზომო სურვილია-წრფელი და ტრაგიკული სურვილი,-მაგრამ იქ ღმერთის ადრინდელთან შედარებით სიცოტავეა.

შექსპირი გვაძლევს თავისი ეპოქის რაობის სარკეს. მასზე უკეთ ვერავინ შესძლო აესახისმეტყველებინა აღორძინების ხანის უშინაგანესი მდგომარეობა, როგორც კაცობრიობის დეკადანსი და ეს ყოველივე "რომეო და ჯულიეტა"-ში, სადაც რომანტიული სიყვარულის ცრემლის დამდენია სიწრფელე, ორ ჯუფთ სულთა ერთქმნის წყურვილი, უბიწო გახელება, დრამატიზმი...

... მაგრამ აქ მაინც ცოტაა ღმერთი.

როგორი იქნებოდა შექსპირის ამ ორი გმირის სიყვარული ღმერთთან თანაზიარობით?

ხატი: წმინდა იოანე მახარებლის მუცლადღება".

ქრისტიანულ სამყაროში გავრცელებული ნათლისმცემელის მშობელთა გამოსახვის ეს ტრადიციული ფორმა ჩვენ სულთა განმანათლებელი იოანე ოქროპირის მიერ მიჩნეულ იქნა ზეამაღლებული ცოლ-ქმრული ურთიერთობის სიმბოლოდ.

წმინდანები, ზაქარია და ელისაბედი, თავიანთი დროის რომეო და ჯულიეტა არიან.

P.S. შექსპირის ამ შედევრის დრამატიზმს ის ჩასწვდა, ვისაც მათი კვდომისას ევას ცოდვით დაცემაზე დასდინდა ცრემლი...

სარწყუნისის 13. 2004

mercoledì 14 gennaio 2009

დანტე, ბენინი, სიყვარული, ღმერთი, სი-კეთ-ე

ბენინი უკვდავი დანტეს ერთ-ერთი ტერცინის

"Nel suo profondo vidi che s'interna,
legato con amore in un volume,
ciò che per l'universo si squaderna:

sustanze e accidenti e lor costume
quasi conflati insieme, per tal modo
che ciò ch'i' dico è un semplice lume.

..

Quella circulazion che sì concetta
pareva in te come lume reflesso,
da li occhi miei alquanto circunspetta,

dentro da sé, del suo colore stesso,
mi parve pinta de la nostra effige:
per che 'l mio viso in lei tutto era messo".

განმარტებისას საუბრობს, თუ რა იხილა ალიგიერიმ ყოველთა საწყის წერტილში; რომ ყოველივე, რაც იყო, არის და იქნება, მასშია ჩატეული; რომ იქ შეიძლება დაინახო განუხორციელებელი სიყვარულები, ყველა დაბადებული, თუ ჯერ არშობილი ადამიანები; ისიც კი, თუ როგორ ადგამს იულიუს კეისრის ცხენი თავის ნალს დედამიწას; ისიც, თუ როგორ ვიაზრებ, ვწერ ამას და მიყურებ შენ მე.

ასეა სიყვარულიც.

როცა გვიყვარს და მოსიყვარულე გულით ვსაუბრობთ, ვცხოვრობთ, ვშემოქმედებთ, ყოველი ეს ერთადერთი სიტყვაა; ყოველთვის მას ვამბობთ და ვაკეთებთ. სი-კეთ-ეც სხვა არაფერია, თუ არ სიყვარულის, ღმერთის განხორციელება.

sabato 10 gennaio 2009

ნიცშე: Pro et Contra

რა მომწონს ნიცშეში?

ის, რომ არა მკვდარი სულით, არამედ ცოცხალი გულით უდგებოდა დოგმებს. არ იღებდა და არ ცხოვრობდა მათ ბრმად, არამედ სიღრმისეულად ცდილობდა მათი საფუძვლების განხორციელებას.

უბრალოდ, ის მწყინს მასში, რომ ვერ მოახერხა გონებისა და გულის ჰარმონიული ურთიერთშეხამება; რომ მისი ამბოხი კაცობრიობის სულიერი სნეულებისა და მეცნიერების ნიღბით მოსულ გარსმოჯარული უმეცრების წინააღმდეგ უფრო გონებისა და გულის განზომილებათა შერკინება იყო, ვიდრე მათი შეხმატკბილებული შემოქმედება, რამაც იმსხვერპლა კიდეც მისი ჯანმრთელობა.