venerdì 17 ottobre 2008

გველზე

ბუდას სწავლებანში: დისკურსი გველზე

ხშირად სწავლობენ, რათა კამათში გაიმარჯვონ, მაგრამ არ ახორციელებენ რა სიკეთეს, სიბრძნის სიღრმეებს ვერ ჩასწვდებიან. ასეთნი გველთა მცდარად შემპყრობელებს ჰგვანან, რისგანაც ან სულიერ სიკვდილს იღებენ, ან ხანგრძლივად უბედურდებიან.

ხოლო ისინი, ვინც სიბრძნის ქმნით იმეცნებენ, ბედნიერებას აღწევენ და შედარებულნი არიან გველთა მართებულად, ორად წამახული კეტის მეშვეობით მპყრობელებს, რაც ტექნიკური (ამ სიტყვის უღრმესი და თაური გაგებით: ტექნე-როგორც შემეცნების ერთ-ერთი ფორმა. იქვე მოცემული ტივის მაგალითიც მსგავსი სახეა) შემეცნების ძველაღმოსავლური მეტაფორაა, ამავე დროს და სიბრძნის საქმით სიყვარულისადმი მეცნიერულ მიდგომასაც გულისხმობს.

ბუდისტი განმმარტებლებისათვის პირველ გზას ძილი სჯობს, რაიც მატრიცაში "ჩართულობის" ჩვენი თანამედროვეობის ალეგორიული პარალელია (კინოტრილოგია "მატრიცა", სადაც ნეო იგივე ბუდაცაა, "გამოღვიძებული"), ხოლო მეორე გზას "შემდეგ ნაპირზე გადასასვლელ სწავლება"-ს უწოდებენ.

აღსანიშნავია ამ ბუდისტური დარიგების მინდიაური ალეგორია, სადაც ცოდნა გველსაა შედარებული და ორაზროვანი ხასიათისა შეიძლება იყოს მისი მიმღებისათვის: უწვრთნელისა და შინაგანად უმწიფარისათვის-შხამი, ხოლო ნოყიერი ნიადაგის მქონესათვის-ბედნიერებით ამამზიანებელი.

ამადაცაა, რომ ფილოსოფიურზე არ შევსულვარ ფილოსოფოსთა გამონათქვამების პერიფრაზირებისათვის (არაა ცუდი ენციკლოპედიური ცოდნა), არამედ რათა მეტი ბედნიერებით გავივსო მათში ჩადებული შინაარსის მოშველიებისაგან.

შესაბამისად უზუსტესია ფსევდო-დიონისე არეოპაგელის სიბრძნეც: არა იმისათვის ვისწავლებით, რომ სხვას დავუმტკიცოთ რამე, არამედ რათა განვიბრძნათ.

ვინც ოდენ იმისათვის იმეცნებს, რომ შეიმეცნოს, საგანძურის მპყრობელია იგი, მაგრამ არა მეორე ნაპირამდე გამღწევი. აქედან გამომდინარე, ადამიანის ცხოვრების უზენაეს მიზანს ჭეშმარიტების შეცნობა კი არ უნდა წარმოადგენდეს (რაც სავალი გზის მხოლოდ ნახევარია), არამედ მისი დაუფლება და განხორციელება.

აქედან დასკვნა: მეცნიერება საჭიროა იმისათვის, რათა ვწვდეთ ჭეშმარიტების სინათლეს და გავნათლდეთ (რა); ფილოსოფია-ჩვენში დაგროვებული სინათლის გარესამყაროში გადმოსაღვრელად (როგორ); ხელოვნება-გარესამყაროს ასაჩახჩახებლად, ასამზიანებლად (რატომ).

სიკეთის მქმნელი უცილოდ გაივლის ტკივილების ზღვას, რის გარეშეც ბედნიერება ოდენ ზედაპირული და ცალკერძი სიხარული იქნებოდა. ვინც ჯოჯოხეთს არ გადის და არ ტერფავს მას, ვერ გახდება ცათა ზიარი. თუ არადა, სჯობს ისეთი ადამიანის მეგობრობა, ვინც ეს ყოველი გამოიარა.

Nessun commento: