lunedì 10 dicembre 2007

თაური სიტყვის, როგორც ლოგოსის, ენიგმისათვის

ყველაფერს, რასაც ხედავს თვალი, ისმენს ყური, აღიქვამს გრძნობა, მეტყველებს და ყოველივე ერთმანეთზეა გადაჯაჭვული სიტყვით-ლოგოსით. ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ერთმანეთს ესაუბრება. რამდენადაც ინტენსიური და ძლიერია ეს ურთიერთობა, იმდენად მეტია სიცოცხლე, ანუ ამ მისტიური მეტყველებით სიცოცხლე მარადიულ მოძრაობაშია.

სადაც კი ეს დიალოგი ნავლდება, წყდება, იქ ჩნდება გაქრობა, სიკვდილი, არარა; სადაც კარი ეხშობა მზის მადლსა და სითბოს, იქ ზამთარი ისადგურებს.

სიცოცხლესა და სიყვარულში ჩადებული საკვირველი არსით ყოველივე ყოველივეს ეზიარება და მთლიანობაში მრავალფეროვან ერთიანობას წარმოქმნის.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მარადშობადი საოცრება, რაიც კი უფალს შეუქმნია, დიალოგია, რის უმაღლეს გამოხატულებასაც აღსარებისა და ზიარების საიდუმლო წარმოადგენს.

Nessun commento: