venerdì 7 dicembre 2007

კანდინსკის მოტივებზე

* * *

რა (სული, პიროვნება)? როგორ (სხეული; კანდინსკისთან მხოლოდ ამ პირველ ორს ვხვდებით)? რატომ/რისთვის (პირველი ორის ყოფიერების აზრი, მიზანი)?

ეს სამი კითხვა და მათზე პასუხია ადამიანისა და კაცობრიობის არსებობის თავგადასავალი სამოთხიდან სამოთხემდე.


* * *

"სულიერი ხელოვნებაში" კანდინსკი თანამედროვე მხატვრობას განიხილავს ხელოვანისა და ხელოვნების თეორეტიკოსის მზერით, ეყრდნობა რა ანრი მატისისა და დიდი ღრიანკალის, პაბლო პიკასოს შემოქმედებათათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებათა ურთიერთშეჯერებას: ფრანგი, როგორც ფერის გურმანი ("Матисс - краска"), ხოლო გენიალური იბერიელი, როგორც ფორმებთან და ფორმებით მოთამაშე სწორუპოვარი ფაკირი ("Пикассо - форма"). ამ ორი დიდი პოეტის მიერ გაკვალული გზა სხვა არაფერია, თუ არა დასავლეთისათვის ჯერ კიდევ პრესოკრატეული დროიდან დამახასიათებელი მენტალიტეტის მერამდენე ჯიუტი გამოხატულება: ობიექტური სამყაროს ატომებამდე დაშლა-შესწავლა, ანუ პირველყოფილ ქაოსამდე დასვლა და ამ ქაოსის საბოლოო დაურვებით მშვენიერების დამტკიცება, კანონიზირება, განხორციელება, ზეცასთან ზიარქმნა (ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით). ნებისმიერ ჯანსაღი სახისმეტყველებითი აზროვნებით დაჯილდოებულ ესთეტს აქ იმთავითვე ორფიკული მეტაფორა ამოუტივტივდება გონებაში. ფერისა და ფორმის მსგავსი შეთანხმებით მათში ჩადებული შინაარსის გადმოცემა მიზნად ისახავს, სწორედ, მატერიით განფენილი კვდომის დაძლევას ამ უკანასკნელისვე დაშლით. უკვე მეორე გენიასთან, სალვადორ დალისთან ვხვდებით იბერიული პოეტური მისტიკის საუკეთესო მონუმენტურ ნიმუშებს "კოსმიური გალა" ("სფეროთა გალათეა"),

"აფეთქებული რაფაელური თავი",
სადაც ბორკილახსნილი, გა-თავის-უფლებ-ული სული შიგნიდან აფეთქებს, ამარცხებს მატერიალურ სხეულს და უმცირეს ნაწილაკებად მიმოფანტავს მას თავის ირგვლივ. არეოპაგიტული ბუნების საიდუმლოა ღვთისმშობლის ფერიცვალების მომენტი, რასაც დალი ხშირად უბრუნდება თავის შედევრებსა, თუ გააზრებებში.

ჩვენთვის საინტერესო აქ სხვა ნიუანსია, რომელიც წარმოადგენს კანდინსკის მიერ დასმული საკითხის კვლევის განვითარებას. ზნეობრივ კრიზისში მყოფი კაცობრიობის ფონზე უკანასკნელი საუკუნის ხელოვნების სხვა და სხვა სფეროში სახეზეა ჩიხისკენ-კატასტროფისკენ მიმართული გეზიდან თავის არიდებისა და სულიერებისკენ დაბრუნების ტენდენცია. დანტე-რუსთაველის მიერ თავიანთ შედევრებში გადმოცემული ინიციაცია ადამის მოდგმის სულიერი თავგადასავლისა და უახლესი პერიოდის ბუმბერაზ ხელოვანების შემოქმედებათა ალეგორიული წინასახეა. მათში გადმოცემულია ისტორიული განზომილებისა და მნიშვნელობის მქონე ერთი დიდი დიონისური მისტერია, სადაც კაცობრიობა მოწოდებულია ღვთის სამეფოს "ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა" დასამკვიდრებლად. ადამის მოდგმა თითოეული ჩვენთაგანისაგან შედგება და ამიტომ, ტოტალური კათარზისის პრობლემა ინდივიდუალური ტრაგედიიდან იღებს სათავეს. ადამიანი ისევე, როგორც მთელი კაცობრიობა, საკუთარი დეკადანსით ან ჯოჯოხეთშივე დაამარცხებს კვდომას, ან დაღუპავს თავს სამოთხიდან სამოთხემდე სავალ საბედისწერო გზაზე. ამიტომ, ქრისტესა და ბარაბას არჩევანის დილემის გასაღები ზემოთგანხილულ საკითხშიც შეიძლება ვიპოვოთ.

რაც უფრო უშუალოდ ცხოვრობს ამ ყოველივეს ადამიანი, მით უფრო იცის მან ტრაგიზმის სიღრმე, ხოლო რაც უფრო მეტად ჩაუღრმავდა ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროს წკვარამებს, მით უფრო მწიფეა იგი ცათა წიაღში დამკვიდრებისათვის.

Nessun commento: