domenica 27 settembre 2009

გრინბერგის პარადიგმის ჩემეული ვარიაცია

კლემენტ გრინბერგის მიერ პიკასოსა და რეპინის (მცდარად მოყვანილი მაგალითი, რის გამოც მოგვიანებით ავტორმა ბოდიშიც მოიხადა) შემოქმედებათა ურთიერთშეჯერების ჩემეული ვარიაცია: დიდი ხელოვნება ისევე, როგორც პიროვნებები, ხშირად ჰანს ქრისტიან ანდერსენის "მახინჯი იხვის ჭუკი"-ა, რომელიც თავის ამომცნობ-დამნახველს ელოდება და არსობრივად განსხვავდება კიჩისა, თუ მცენარეული ავტომატურობით მცხოვრები ინდივიდებისაგან.

martedì 22 settembre 2009

გალაკტიონი

ანუ სხვაობა ნაკითხსა და განათლებულს შორის

ბევრის მკითხველი ნაკითხია, რაც არ ნიშნავს განათლებულს. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: დღეს რომ გალაკტიონი ცოცხალი იყოს და ქალს მისი პოეზია ხმამაღალი განაცხადით უყვარდეს. და აი, ერთხელაც, პოეტი მიდის იქ, სადაც სატრფო ეგულება. მისალმების ნიშნად უგზავნის თავის ლექსს, თავად კი მის გამოსვლასა და შეხვედრას ელოდება, რათა სულში ღმერთი გაიმრავლოს. მთავრდება სამუშაო განრიგი. ამ დროს კი, ქალი ელდანაცემივით გამორბის და გაქცევით შველის თავს, თითქოს პოეტი კეთროვანია, ან შეუფერებელი განზრახვისათვის იყოს მოსული. ხელოვნებისა და ხელოვანისადმი ასეთი კარიკატურული სიმპატია გულუბრყვილო (უკეთეს შემთხვევაში), ან მიზანშეწონილი (უარეს შემთხვევაში) ფარისევლობაა, რაც გოლგოთაზე აღსრულებული უსასტიკესი და ღმერთკაცობრივი მისტერიის შემდეგ კვლავგაგრძელებული ქრისტეს ყოველდღიური ჯვარცმისაგან დიდად არ განსხვავდება. არ გამიკვირდებოდა, დღევანდელ დღეს მცხოვრები გალაკტიონი კვლავ მიუსაფარი, მარტოსული და მოხეტიალე რომ ყოფილიყო. ვფიქრობ, ასეც იქნებოდა. ეს შინაგანად დანახული სავსე რეალობაა, სხვა ყოველი კი გარეგნულად ბრჭყვიალა ზიზილ-პიპილოებია. ამად, ნაკითხს განათლებულობამდე ჯერ კიდევ აქვს სავალი.

განათლებული კი ისაა, ვინც გულისყურით კითხულობს, იმეცნებს და მოქმედებს. ბრძენი განათლებულია; პოეტი ბრძენი მეფეა, რომელიც თავის გამზიანებულ ტოლ-ფერთან შესახვედრად მიდის და ნაწერი, თუ თვალებიდან გამონახედი ლექსით ესალმება მას; მოშაირის მოცალე კი დედოფალია, ვინც დედოფლურადვე იქცევა, დედოფლურადვე ესალმება მოყვარეს და თუ საჭიროა, ვისი დედოფლური სამგზისი “არა” უფრო შეუვალი შეიძლება იყოს, ვიდრე მამაკაცის ნებისმიერი ძალისხმევა.

mercoledì 9 settembre 2009

ემანუელ მუნიეს პერსონალიზმი და რენე ჟირარის მიმეტიზმი

ფრანგ ფილოსოფოს და პერსონალიზმის ფუძემდებელ ემანუელ მუნიესთან პიროვნული მიმბაძველობის უნარი სიცოცხლეზე, არსზე, სიყვარულსა და სიკეთეზეა დამყარებული, მათკენაა მიმართული და მათი ყოველდღიური არსებობის ნორმადქცევას მიესწრაფვის.

ამავე დროს, დიდი ფრანგი ქრისტიანი ანთროპოლოგი, რენე ჟირარი მითოლოგიური და სახარებისეული მიმეტიზმის ურთიერთშეჯერებით გვაძლევს საპირისპირო სახეს, როდესაც სატანური და უპიროვნო მიმბაძველობა სიცრუეზე, არარსზე, კვდომასა და ბოროტებაზე დაფუძნებული ამპარტავნული, მაგრამ ამავე დროს, შეუძლებელი სწრაფვაა უზენაესი შემოქმედის ადგილის დასაკავებლად.

domenica 26 luglio 2009

გოგოლი - დოსტოევსკი

დოსტოესკი გოგოლის უშუალო ღირსეული მემკვიდრეა. თუმცა, რაც ამ უკანასკნელის გენიამ ვერ დაიტია, ტანჯვათა ტიტანმა საკუთარ თავში გადასძლია.

როჯერ ფრაი+მარტინ ჰაიდეგერი = ხელოვნების ჩემეული ხედვა

თავად ყოვლადუზენაესი შემოქმედი ღმერთია ხელოვნება. მე, მის ხატად ქმნილს, იგი მქმნის ხელოვანად. შესაბამისად, კაცობრიობის თავგადასავლის მთელ მანძილზე ცოტას თუ შეუძლია განაცხადოს: ხელოვნება - ეს მე ვარ. წმინდა სამება და მასთან შერთვა სიცოცხლით აჯერებს ჩვენს ცხოვრებას, რაც ამ უკანასკნელის უზენაესი ხელოვნების ნაწარმოებად გადაქცევას იწვევს.

ედიტ შტაინზე გადაღებულ საინტერესო ფილმ “La Settima Stanza”-ს ერთ-ერთი ეპიზოდის მაგალითზე, სადაც ეს ბუმბერაზი ქალბატონი, მიუახლოვდება რა პიანინოს, პასუხობს ბავშვის კითხვას ფენომენოლოგიაზე: თუკი არ იცი ამ საკრავზე დაკვრა, იგი უბრალოდ საფერფლის დასადებ საგნად იქცევა. ფენომენოლოგია კი საგანთა არსის ცოდნაა. ვინც ფლობს ამ უკანასკნელთა ამოკითხვისა და დანახვის უნარს, იგი შეძლებს უმშვენიერესი მელოდიების შესრულებას. შესაბამისად, სამყარო პიანინოა და თუკი ძალგვიძს განვჭვრიტოთ იგი, შევძლებთ ჩვენი გრძნობების გადმოცემას მისი შეცნობის საფუძველზე. უამისოდ, სინამდვილე ჩვენგან აღუქმელი დარჩება.

sabato 25 luglio 2009

ფიქრები საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაზე (შესასწორებელია)

სანამ საქართველოში ბოლომდე არ გაშიშვლდება ტყუილი და ბოროტება საკუთარ ძალებს არ ამოწურავს, მანამდე გაგრძელდება 1991-1992 წლების არაკანონიერი და დანაშაულებრივი პუტჩით დაწყებული დაღმასვლის მტკივნეული პროცესი; არ ვგულისხმობ ოდენ რენეგატების შემთხვევას, არამედ თვითონ ქართველი ერის კათარზისის მომენტის აუცილებლობასა და გაცნობიერებული სახით ქრისტიანობაში დაბრუნებას. ხოლო როდესაც ეს სახელმწიფოებრივი და ეროვნული კრიზისი თავის პიკს მიაღწევს, მაშინ მომწიფდება დრო მართლმსაჯულების აღსასრულებლად. და ქართველი ერის ეს გამარჯვება თვითონ წმინდა სამების გამარჯვება იქნება.

giovedì 25 giugno 2009

აირჩიე

ღმერთი მომღიმარი და ამავე დროს, სამართლიან მრისხანებასთან შეზავებული სიყვარულით გვიმზერს თავის თითოეულ ცოდვილ შვილს და გვეუბნება:

-ჩემო საყვარელო და ამასთანავე, სულელო, უგნურო და უვიცო შვილო, მე ვარ სიცოცხლე, სინათლე, ბედნიერება, უკვდავება, დიდება და რა უნდა დამაკლო შენი დაცემულობით? ხოლო ორჯერ უფრო სულელო, უგნურო და უვიცო, რამეთუ საკუთარი არჩევანით განიშორებ თავს სიკეთისგან და დაღუპვის, სიკვდილისა და გაქრობის წერა ხდები. როდის მოეგები გონს? როდის დამიბრუნდები შენს მოსიყვარულე მშობელს? როდის ჩამეხუტები? როდის მოინანიებ შენს ცოდვითსნეულ მდგომარეობას? როდის გადაწყვიტავ განკურნებას, მამაცური სიბრძნით მართებული არჩევანის გაკეთებასა და ჩემით-სიყვარულით გაბრწყინებას? ნუთუ, არ დაგღალა კვდომამ, არარაობის უდაბნოში უმისამართო ხეტიალმა და ხოხვამ? ნუთუ, ქვეწარმავლურ ხვედრს არჩევ ჩემს უსასრულო წიაღში ლაღად ფრენას? შვილო ჩემო, გამოიღვიძე-იყავი ბედნიერი, თავისუფალი და მზიური; უკვდავებითა და ნეტარებით ღირსეული.
აირჩიე, საყვარელო.
აირჩიე.