domenica 27 settembre 2009

გრინბერგის პარადიგმის ჩემეული ვარიაცია

კლემენტ გრინბერგის მიერ პიკასოსა და რეპინის (მცდარად მოყვანილი მაგალითი, რის გამოც მოგვიანებით ავტორმა ბოდიშიც მოიხადა) შემოქმედებათა ურთიერთშეჯერების ჩემეული ვარიაცია: დიდი ხელოვნება ისევე, როგორც პიროვნებები, ხშირად ჰანს ქრისტიან ანდერსენის "მახინჯი იხვის ჭუკი"-ა, რომელიც თავის ამომცნობ-დამნახველს ელოდება და არსობრივად განსხვავდება კიჩისა, თუ მცენარეული ავტომატურობით მცხოვრები ინდივიდებისაგან.

martedì 22 settembre 2009

გალაკტიონი

ანუ სხვაობა ნაკითხსა და განათლებულს შორის

ბევრის მკითხველი ნაკითხია, რაც არ ნიშნავს განათლებულს. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: დღეს რომ გალაკტიონი ცოცხალი იყოს და ქალს მისი პოეზია ხმამაღალი განაცხადით უყვარდეს. და აი, ერთხელაც, პოეტი მიდის იქ, სადაც სატრფო ეგულება. მისალმების ნიშნად უგზავნის თავის ლექსს, თავად კი მის გამოსვლასა და შეხვედრას ელოდება, რათა სულში ღმერთი გაიმრავლოს. მთავრდება სამუშაო განრიგი. ამ დროს კი, ქალი ელდანაცემივით გამორბის და გაქცევით შველის თავს, თითქოს პოეტი კეთროვანია, ან შეუფერებელი განზრახვისათვის იყოს მოსული. ხელოვნებისა და ხელოვანისადმი ასეთი კარიკატურული სიმპატია გულუბრყვილო (უკეთეს შემთხვევაში), ან მიზანშეწონილი (უარეს შემთხვევაში) ფარისევლობაა, რაც გოლგოთაზე აღსრულებული უსასტიკესი და ღმერთკაცობრივი მისტერიის შემდეგ კვლავგაგრძელებული ქრისტეს ყოველდღიური ჯვარცმისაგან დიდად არ განსხვავდება. არ გამიკვირდებოდა, დღევანდელ დღეს მცხოვრები გალაკტიონი კვლავ მიუსაფარი, მარტოსული და მოხეტიალე რომ ყოფილიყო. ვფიქრობ, ასეც იქნებოდა. ეს შინაგანად დანახული სავსე რეალობაა, სხვა ყოველი კი გარეგნულად ბრჭყვიალა ზიზილ-პიპილოებია. ამად, ნაკითხს განათლებულობამდე ჯერ კიდევ აქვს სავალი.

განათლებული კი ისაა, ვინც გულისყურით კითხულობს, იმეცნებს და მოქმედებს. ბრძენი განათლებულია; პოეტი ბრძენი მეფეა, რომელიც თავის გამზიანებულ ტოლ-ფერთან შესახვედრად მიდის და ნაწერი, თუ თვალებიდან გამონახედი ლექსით ესალმება მას; მოშაირის მოცალე კი დედოფალია, ვინც დედოფლურადვე იქცევა, დედოფლურადვე ესალმება მოყვარეს და თუ საჭიროა, ვისი დედოფლური სამგზისი “არა” უფრო შეუვალი შეიძლება იყოს, ვიდრე მამაკაცის ნებისმიერი ძალისხმევა.

mercoledì 9 settembre 2009

ემანუელ მუნიეს პერსონალიზმი და რენე ჟირარის მიმეტიზმი

ფრანგ ფილოსოფოს და პერსონალიზმის ფუძემდებელ ემანუელ მუნიესთან პიროვნული მიმბაძველობის უნარი სიცოცხლეზე, არსზე, სიყვარულსა და სიკეთეზეა დამყარებული, მათკენაა მიმართული და მათი ყოველდღიური არსებობის ნორმადქცევას მიესწრაფვის.

ამავე დროს, დიდი ფრანგი ქრისტიანი ანთროპოლოგი, რენე ჟირარი მითოლოგიური და სახარებისეული მიმეტიზმის ურთიერთშეჯერებით გვაძლევს საპირისპირო სახეს, როდესაც სატანური და უპიროვნო მიმბაძველობა სიცრუეზე, არარსზე, კვდომასა და ბოროტებაზე დაფუძნებული ამპარტავნული, მაგრამ ამავე დროს, შეუძლებელი სწრაფვაა უზენაესი შემოქმედის ადგილის დასაკავებლად.

domenica 26 luglio 2009

გოგოლი - დოსტოევსკი

დოსტოესკი გოგოლის უშუალო ღირსეული მემკვიდრეა. თუმცა, რაც ამ უკანასკნელის გენიამ ვერ დაიტია, ტანჯვათა ტიტანმა საკუთარ თავში გადასძლია.

როჯერ ფრაი+მარტინ ჰაიდეგერი = ხელოვნების ჩემეული ხედვა

თავად ყოვლადუზენაესი შემოქმედი ღმერთია ხელოვნება. მე, მის ხატად ქმნილს, იგი მქმნის ხელოვანად. შესაბამისად, კაცობრიობის თავგადასავლის მთელ მანძილზე ცოტას თუ შეუძლია განაცხადოს: ხელოვნება - ეს მე ვარ. წმინდა სამება და მასთან შერთვა სიცოცხლით აჯერებს ჩვენს ცხოვრებას, რაც ამ უკანასკნელის უზენაესი ხელოვნების ნაწარმოებად გადაქცევას იწვევს.

ედიტ შტაინზე გადაღებულ საინტერესო ფილმ “La Settima Stanza”-ს ერთ-ერთი ეპიზოდის მაგალითზე, სადაც ეს ბუმბერაზი ქალბატონი, მიუახლოვდება რა პიანინოს, პასუხობს ბავშვის კითხვას ფენომენოლოგიაზე: თუკი არ იცი ამ საკრავზე დაკვრა, იგი უბრალოდ საფერფლის დასადებ საგნად იქცევა. ფენომენოლოგია კი საგანთა არსის ცოდნაა. ვინც ფლობს ამ უკანასკნელთა ამოკითხვისა და დანახვის უნარს, იგი შეძლებს უმშვენიერესი მელოდიების შესრულებას. შესაბამისად, სამყარო პიანინოა და თუკი ძალგვიძს განვჭვრიტოთ იგი, შევძლებთ ჩვენი გრძნობების გადმოცემას მისი შეცნობის საფუძველზე. უამისოდ, სინამდვილე ჩვენგან აღუქმელი დარჩება.

sabato 25 luglio 2009

ფიქრები საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაზე (შესასწორებელია)

სანამ საქართველოში ბოლომდე არ გაშიშვლდება ტყუილი და ბოროტება საკუთარ ძალებს არ ამოწურავს, მანამდე გაგრძელდება 1991-1992 წლების არაკანონიერი და დანაშაულებრივი პუტჩით დაწყებული დაღმასვლის მტკივნეული პროცესი; არ ვგულისხმობ ოდენ რენეგატების შემთხვევას, არამედ თვითონ ქართველი ერის კათარზისის მომენტის აუცილებლობასა და გაცნობიერებული სახით ქრისტიანობაში დაბრუნებას. ხოლო როდესაც ეს სახელმწიფოებრივი და ეროვნული კრიზისი თავის პიკს მიაღწევს, მაშინ მომწიფდება დრო მართლმსაჯულების აღსასრულებლად. და ქართველი ერის ეს გამარჯვება თვითონ წმინდა სამების გამარჯვება იქნება.

giovedì 25 giugno 2009

აირჩიე

ღმერთი მომღიმარი და ამავე დროს, სამართლიან მრისხანებასთან შეზავებული სიყვარულით გვიმზერს თავის თითოეულ ცოდვილ შვილს და გვეუბნება:

-ჩემო საყვარელო და ამასთანავე, სულელო, უგნურო და უვიცო შვილო, მე ვარ სიცოცხლე, სინათლე, ბედნიერება, უკვდავება, დიდება და რა უნდა დამაკლო შენი დაცემულობით? ხოლო ორჯერ უფრო სულელო, უგნურო და უვიცო, რამეთუ საკუთარი არჩევანით განიშორებ თავს სიკეთისგან და დაღუპვის, სიკვდილისა და გაქრობის წერა ხდები. როდის მოეგები გონს? როდის დამიბრუნდები შენს მოსიყვარულე მშობელს? როდის ჩამეხუტები? როდის მოინანიებ შენს ცოდვითსნეულ მდგომარეობას? როდის გადაწყვიტავ განკურნებას, მამაცური სიბრძნით მართებული არჩევანის გაკეთებასა და ჩემით-სიყვარულით გაბრწყინებას? ნუთუ, არ დაგღალა კვდომამ, არარაობის უდაბნოში უმისამართო ხეტიალმა და ხოხვამ? ნუთუ, ქვეწარმავლურ ხვედრს არჩევ ჩემს უსასრულო წიაღში ლაღად ფრენას? შვილო ჩემო, გამოიღვიძე-იყავი ბედნიერი, თავისუფალი და მზიური; უკვდავებითა და ნეტარებით ღირსეული.
აირჩიე, საყვარელო.
აირჩიე.

mercoledì 10 giugno 2009

შინაგანი და გარესამყაროს ურთიერთმიმართებისათვის

ადამიანებს შორის არსებული ყველა პრობლემის სათავე ისევ და ისევ ადამიანშია და სანამ არ მოხდება მათი შინაგანად მოგვარება და საკუთარი თავის გაუმჯობესება, მანამ ერთი სიავე მეორეს დაემატება. ვისაც სამყაროს გაკეთილშობილება სურს, თავისი თავიდან უნდა დაიწყოს-დანაშაულს სჩადის ის, ვინც სხვის შეცვლას ცდილობს და თავად კი არ უმჯობესდება. სამყაროს სრულყოფილების სათავე თითოეულ ჩვენთაგანშია და არსად ჩვენს გარეთ.

venerdì 8 maggio 2009

ხასიათობრივი ალუზია

ღრიანკალების იმპერატორულობა მორიკონესა ჰგავს, რომელიც ოსკარებისათვის კი არ ცხოვრობს, არამედ იქით გადასცემენ ოსკარს მოღვაწეობისთვის.

martedì 5 maggio 2009

ჰანს კრისტიან ანდერსენი, ანუ ბედნიერების ენა

რატომ მიყვარს ზღაპრების კითხვა და მიუზიკლების ყურება? მიტომ, რომ მათში ვხედავ იმას, რაც ასე აკლიათ ადამიანებს - ბედნიერების ენა. როდესაც ღმერთი თავადაა ბედნიერება, რად არ უნდა იმღერებოდეს იგი და რად არ უნდა იდიდებოდეს ქორეოგრაფიულად ყოველ დღე, ნებისამებრ?

ამ ბედნიერების მზის სითბო მინათებდა აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ დამდგარ ნაცრისფერ და ცივ დღეებს, როდესაც ძმები გრიმების ზღაპართა არცთუ სქელი სამტომეული და უკვდავი შოთას "ვეფხისტყაოსანი" წარმოადგენდა გულრიფშში დატოვებული ტევადი საოჯახო ბიბლიოთეკის შემცვლელს.

...მუსიკა, როკვა თავისთავად კი არ მომწონს, არამედ როგორც ბედნიერების ჩუქურთმები.

mercoledì 22 aprile 2009

ბავშვი

განსხვავება ბავშვსა და "ბაღანას" შორის ისაა, რომ პირველი არა ოდენ ქვეცნობიერი, არამედ გაცნობიერებული არჩევანია ყოფიერებისა და Modus Vivendi-ს. ამ შემთხვევაში, შეიძლება 80 წლისანი ვიყოთ, მაგრამ შინაგანად ჩვენი პიროვნების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ასეთი სპონტანური და მზიურად სუბიექტური არსებობა შეადგენდეს. ზოგჯერ ხდება ისეც, როცა ცდილობენ თავის გაბავშვებას, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ხელთ სხვა არავინ და არაფერი გვრჩება, თუ არა ინფანტილური და შინაგანად უმწიფარი პიროვნებები, რომელნიც იმაზე მეტს არ/ვერ ამბობენ და აკეთებენ, რამდენიც ესმით, რამხელა შეგნებაც გააჩნიათ. ესაა "ბაღანას" სახე; კარიკატურული ბუნებისა კი არც ხელოვნური ბავშვურობა ვარგა და არც ნაძალადევად მორგებული ბრძენი ბერიკაცის ნიღაბი. ჭეშმარიტების ფარდები მოქმედებაში იხსნებიან, რომელიც უპირველესად, უფრორე შინაგანი ხასიათის აქტია.

საგულისხმოა ისიც, რომ ასევე, სამართლიანად მიჩნეული ანტიკური პედაგოგიკის ფუძემდებელი პლატონი პიროვნების აღზრდის საქმეში შემთხვევით არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას ღვინის მოზომილ და გაცნობიერებულ გამოყენებას უძველესი წარსულის მქონე სუფრის, ლხინის, ტრაპეზის მისტერიულ ტრადიციაში ("კანონები"), სადაც ღვთიური ნეკტარი, ამავე დროს, არიადნეს ძაფის ფუნქციის მატარებელია ქვეცნობიერების ლაბირინთებში პიროვნების მზიური გამარჯვების მოსაპოვებლად. არახალია, რომ "კანონები" ხნიერი პლატონის ჩვენამდე მოღწეულ ნამუშევართა რედაქტირებული კრებულია (განხორციელებული მისი აკადემიელი მოწაფის, ლოკრიდელი წარმოშობის მათემატიკოსისა და ასტრონომის-ფილიპე ოპუნტელის მიერ). შესაბამისად, ზემოთქმულთან ერთად კიდევ უფრო საინტერესო მომენტს წარმოადგენს ის, რომ ელადის ქალაქებში სამაგალითო ერიშვილისა და მამულიშვილის ჩამოყალიბების საქმეში სხვა საშუალებებთან ერთად (მუსიკა, როკვა, ტანვარჯიში), ლხინისა და სუფრაზე ღვინის ელემენტი იყო ერთ-ერთი ძლიერი განმაპირობებელი პიროვნების არა მარტო ბავშვურობაში დასაბრუნებლად, არამედ ბავშვურობამდე მისაღწევადაც, რაც შინაგანად ამა თუ იმ ადამიანის ბუნებრივი და საუკეთესო მდგომარეობა, კონდიციაა.

ქრისტე, როგორც საუკეთესო მისაბაძი სახება

ვინც კი ოდნავ მაინც გაითავისებს ქრისტეს ბუნებისა და თავგადასავლის რაობის თუნდაც უმცირეს ნაწილს, გულისყურით იმთავითვე გაიგებს, თუ რაოდენ უთვალავ ნიაგარისდარად ხმიერი და ძალუმია იგი. ამ გონებადაუტეველი სიცოცხლის მზიურ ურაგანს კი საფარველად ჩვენს ირგვლივ შემორტყმული ყოფიერება აკრავს, რომლის თითოეულ ჩვენთაგანში დადუმება და ძლევა ჰხამს გაცილებით უფრო დიდი სინამდვილის განსაცხადებლად და გამოსაბრწყინებლად.

martedì 21 aprile 2009

მზეჭაბუკი

მზეჭაბუკობა და ძველ, თუ ახალ ეპოქათა სოლარული გმირები სხვა არაფერია, თუ არა ბედნიერებითა და ბედნიერებაში გაწვრთნილ-გამობრძმედილი ადამიანის სახე, სადაც სიბრძნის სიყვარული და პოიეზისი შინაგანი მზიურობის მისაღწევად ერთ-ერთი საუკეთესო ყოველდღიური საშუალებებია. ყოფიერების შავბნელ ლაბირინთებში კი ადამიანი ცოდვასა და მის შედეგს-კვდომას საკუთარი თავის მზიური განხორციელებით თუ დაძლევს ოდენ.

venerdì 17 aprile 2009

ფილოსოფია და პოიეზისი

ზოგადად, ლიტერატურის საუკეთესო და ყველაზე საინტერესო ნიმუშებს ის ნაწარმოებები, ან ის ეპიზოდები წარმოადგენენ, რომელთაც სულით პოეტები ფილოსოფიურ სიღრმეს ანიჭებდნენ; რადგანაც პოეზია არა ოდენ ლექსის წერას ნიშნავს და მის უზენაეს გამოვლინებას პროზის სახით გადმოცემულ სათქმელშიაც შეიძლება შევხვდეთ, უდიდესი ფილოსოფოსების შედევრები პოიეზისის კლასიკაა,- თუნდაც, პროზის სახით იყვნენ შედგენილნი. პლატონი, სენეკა, ნიცშე, კირკეგორი, შოპენჰაუერი ამის სამაგალითო დასტურია.

mercoledì 4 marzo 2009

იდეა

წარმოიდგინეთ პლატონის აკადემიის დისპუტების პირდაპირი ტრანსლაცია სატელევიზიო ეთერში.

კულტურულ-საგანმანათლებლო მიზნით ტელევიზიისა და ინტერნეტის, როგორც საკომუნიკაციო საშუალების, გამოყენების საინტერესო პროექტია საერთაშორისო ტელემატიკური უნივერსიტეტის "უნინეტტუნო" (UniNett1) ვიდეოლექციები, რომელიც წარმოებს როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე ჩანაწერების სახით. მოცემული პროექტის ქსელი ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვა და სხვა ქვეყნის უნივერსიტეტს მოიცავს (იტალია, მაროკო, სირია, ეგვიპტე, საბერძნეთი, ალჟირი, იორდანია, ტუნისი) და დროთა განმავლობაში ფართოვდება.

www.uninettuno.it

ასევე, პირდაპირი ჩართვით შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ პარლამენტის სხდომებს. ამ მიზნით სხვა და სხვა ქვეყანაში შესამაბისი არხებიც არსებობს. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ის, რასაც ამ სხდომებზე ხედავს ადამიანი, განათლების სრულიად საპირისპირო შთაბეჭდილებას და შედეგს იძლევა.

პოლიტიკურ უმსგავსოებებს ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო უმსგავსოებაში არ ჩამორჩება მსოფლიოში ასე გავრცელებული პროგრამების ქსელი, რომელიც საქართველოში ჯეობარის სახით იყო წარმოდგენილი. იტალიაში მსგავს სატელევიზიო შოუს "Grande Fratello" (დიდი ძმა) ჰქვია. ვთვლი რა, რომ მის ღირსებებზე საუბარი არ ღირს, მაინტერესებს თვითონ ამ პროექტის გადმოცემის ფორმა, მისი ტექნიკური მხარე.

პირადი საუბრებიდან ვიცი, რომ დიდი მოწონებით სარგებლობდა დაახლოებით მსგავსი, მაგრამ უფრო სპეციალიზირებული და გაცილებით უკეთესი გადაცემა "კანდიდატი". ასევე, იყო "ინდუსტრია", რომელმაც ვერ გაამართლა და ადრევე შეწყვიტა არსებობა.

საინტერესო იქნებოდა საქართველოში საინტერესო კულტურულ-საგანმანათლებლო კლიმატის შესაქმნელად შესაბამისი ხასიათის ტრანსლაციის შექმნა.

მაგალითად: სხვა და სხვა ასაკის ხელოვანების, ლექტორების, მოაზროვნე, გამოცდილ ადამიანებისა და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით შეხვედრების ვიდეოჩანაწერებად დამზადება და Youtube-ში გაშვება. ან პერსპექტივაში ცალკე საითის გახსნა, სადაც მოხდება ამ ჩანაწერების განთავსება. დროთა განმავლობაში თუკი გაამართლებს, ექნება დადებითი გამოხმაურება და დაინტერესება, რეგულარული, ან ეპიზოდური ხასიათის პირდაპირი ჩართვაც შეიძლება შეხვედრის მსვლელობისას, სადაც საუბრის ძირითადი თემატიკა იქნება კულტურა, ხელოვნება, კულტურის პრიზმით დანახული ქვეყნისა და მსოფლიოს მდგომარეობა, თავისუფალი თემატიკა ნებისმიერ საკითხზე და ასე შემდეგ.

იდეისათვის ძალიან საინტერესო ჯგუფად მოვიაზრებ პირველ არხზე, ნინო ქაჯაიას გადაცემა "ცხოვრება მშვენიერია"-ში გამოსულ ლიბ.გე-ს ორგანიზატორებს. შესანიშნავი ეპიზოდი გამოვიდა.

შეხვედრების მსვლელობისათვის რამე ორიგინალური და საინტერესო იდეის მოფიქრება შეიძლება. ვთქვათ, სასაუბრო თემის წინდაწინ არჩევა. ან ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად რამდენიმე კითხვის ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შემზადება და შეხვედრისას, ამ კითხვების ირგვლივ საუბარი, მსჯელობა და ასე შემდეგ.

პოტენციურად შეიძლება სხვა და სხვა სფეროს დაკავშირება საუბრის მონაწილეთა შორის, თუ პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დაწესებულებების ერთმანეთში ურთიერთობისათვის: უნივერსიტეტები, განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ასოციაციები, ეკლესია და სხვა.

venerdì 13 febbraio 2009

წიგნი-შინაარსი-ღვაწლი

ვიღაც წაიკითხავს ვერნერ იეგერის "პეიდეია"-ს (კიდევ უკეთესი, თუკი გაეცნობა პლატონისა და ანტიკურობის სხვა ღირსშესანიშნავი მოღვაწეების ნაწარმოებებსა და შეხედულებებს აღზრდის შესახებ) და იტყვის: I llllllove this book/these books!. საზოგადოების უმრავლესობა ასეთია.

უფრო ნაკლებნი კი ასე განაცხადებენ: I llllove the information/essence is given in this book/these books!

მხოლოდ ერთეულები თუ იტყვიან იმას, რაც პირველ ორთა გამოძახილსაც შეიძლება მოიცავდეს საკუთარ თავში: I llllove to realize all that is written in this book/these books!

domenica 25 gennaio 2009

კინოტრილოგია "მატრიცა"

რატომ მოიპოვა კინოტრილოგია "მატრიცა"-მ უზარმაზარი პოპულარობა?

მიტომ, რომ მასში შერწყმული და კინოპოეტური ენითაა გადმოცემული კაცობრიობის ფილოსოფიური, მეცნიერული და რელიგიური წარმოდგენები.

გრიგოლ რობაქიძის "გველის პერანგი"

გრიგოლ რობაქიძის "გველის პერანგი" წინასწარმეტყველური საგაა ჩვენი ერის თავგადასავლის. საქართველოში დატრიალებული ეპოქალური ქარიშხლების მიზეზით უცხოეთში გადახვეწილი ქართული ემიგრაცია ასევე შეიძლება მოაზრებულ იქნეს არჩიბალდ მეკეშის პერსონიფიკაციად, რომელიც უბრუნდება სამშობლოს ფესვებს და ხელახლა ერწყმის რა საკუთარ წარსულს, აგრძელებს დროებით გაწყვეტილ ისტორიულ გზას და ამით საფუძველს უყრის ქართველი ერის სულიერი მისიის ხელახალ აღორძინებას.

ჯორჯ ორუელი და საქართველოს რეალობა

შევარდნაძის რეჟიმი ჯორჯ ორუელის "1984"-ის ტოტალიტარული რეჟიმის სისტემის ფსიხესაგან განსხვავებული, მაგრამ არანაკლები სისასტიკით აგებული მანქანაა. თუკი დიდი ინგლისელი მწერლის რომანში თვითონ პიროვნებასა და მის თავისუფლებას ებრძვიან, საქართველოში ბრძოლა ათეულობით წლების განმავლობაში ღირსების წინააღმდეგ იყო მიმართული. ქართველის ჭეშმარიტი ბუნება კი თვისობრივად ქრისტიანულია, ალტრუისტული; საკუთარი პიროვნების სიმართლისა და მაღალი იდეალების სამსხვერპლოზე მიტანა მისი სიცოცხლის უმთავრესი მიზანია.

ღვინობისთვის 5, 2004
ქ. თბილისი, გეორგია

რომეო და ჯულიეტა

კაცობრიობა ღმერთით გაჯერებული ეპოქიდან ევროპული რენესანსით "რომეოსა და ჯულიეტა"-ს სიყვარულამდე დავიდა და ეს უკანასკნელი ორი ტოლ-სწორი სულის სიყვარულის ლამაზი გამოხატვაა.

მასში ნაკლებია ღმერთი; მასში სამანების გადმოხეთქვისა და გარღვევის უზომო სურვილია-წრფელი და ტრაგიკული სურვილი,-მაგრამ იქ ღმერთის ადრინდელთან შედარებით სიცოტავეა.

შექსპირი გვაძლევს თავისი ეპოქის რაობის სარკეს. მასზე უკეთ ვერავინ შესძლო აესახისმეტყველებინა აღორძინების ხანის უშინაგანესი მდგომარეობა, როგორც კაცობრიობის დეკადანსი და ეს ყოველივე "რომეო და ჯულიეტა"-ში, სადაც რომანტიული სიყვარულის ცრემლის დამდენია სიწრფელე, ორ ჯუფთ სულთა ერთქმნის წყურვილი, უბიწო გახელება, დრამატიზმი...

... მაგრამ აქ მაინც ცოტაა ღმერთი.

როგორი იქნებოდა შექსპირის ამ ორი გმირის სიყვარული ღმერთთან თანაზიარობით?

ხატი: წმინდა იოანე მახარებლის მუცლადღება".

ქრისტიანულ სამყაროში გავრცელებული ნათლისმცემელის მშობელთა გამოსახვის ეს ტრადიციული ფორმა ჩვენ სულთა განმანათლებელი იოანე ოქროპირის მიერ მიჩნეულ იქნა ზეამაღლებული ცოლ-ქმრული ურთიერთობის სიმბოლოდ.

წმინდანები, ზაქარია და ელისაბედი, თავიანთი დროის რომეო და ჯულიეტა არიან.

P.S. შექსპირის ამ შედევრის დრამატიზმს ის ჩასწვდა, ვისაც მათი კვდომისას ევას ცოდვით დაცემაზე დასდინდა ცრემლი...

სარწყუნისის 13. 2004

mercoledì 14 gennaio 2009

დანტე, ბენინი, სიყვარული, ღმერთი, სი-კეთ-ე

ბენინი უკვდავი დანტეს ერთ-ერთი ტერცინის

"Nel suo profondo vidi che s'interna,
legato con amore in un volume,
ciò che per l'universo si squaderna:

sustanze e accidenti e lor costume
quasi conflati insieme, per tal modo
che ciò ch'i' dico è un semplice lume.

..

Quella circulazion che sì concetta
pareva in te come lume reflesso,
da li occhi miei alquanto circunspetta,

dentro da sé, del suo colore stesso,
mi parve pinta de la nostra effige:
per che 'l mio viso in lei tutto era messo".

განმარტებისას საუბრობს, თუ რა იხილა ალიგიერიმ ყოველთა საწყის წერტილში; რომ ყოველივე, რაც იყო, არის და იქნება, მასშია ჩატეული; რომ იქ შეიძლება დაინახო განუხორციელებელი სიყვარულები, ყველა დაბადებული, თუ ჯერ არშობილი ადამიანები; ისიც კი, თუ როგორ ადგამს იულიუს კეისრის ცხენი თავის ნალს დედამიწას; ისიც, თუ როგორ ვიაზრებ, ვწერ ამას და მიყურებ შენ მე.

ასეა სიყვარულიც.

როცა გვიყვარს და მოსიყვარულე გულით ვსაუბრობთ, ვცხოვრობთ, ვშემოქმედებთ, ყოველი ეს ერთადერთი სიტყვაა; ყოველთვის მას ვამბობთ და ვაკეთებთ. სი-კეთ-ეც სხვა არაფერია, თუ არ სიყვარულის, ღმერთის განხორციელება.

sabato 10 gennaio 2009

ნიცშე: Pro et Contra

რა მომწონს ნიცშეში?

ის, რომ არა მკვდარი სულით, არამედ ცოცხალი გულით უდგებოდა დოგმებს. არ იღებდა და არ ცხოვრობდა მათ ბრმად, არამედ სიღრმისეულად ცდილობდა მათი საფუძვლების განხორციელებას.

უბრალოდ, ის მწყინს მასში, რომ ვერ მოახერხა გონებისა და გულის ჰარმონიული ურთიერთშეხამება; რომ მისი ამბოხი კაცობრიობის სულიერი სნეულებისა და მეცნიერების ნიღბით მოსულ გარსმოჯარული უმეცრების წინააღმდეგ უფრო გონებისა და გულის განზომილებათა შერკინება იყო, ვიდრე მათი შეხმატკბილებული შემოქმედება, რამაც იმსხვერპლა კიდეც მისი ჯანმრთელობა.